აინინა, ქართული წარმართული პანთეონის ღვთაება.
მისი თაყვანისცემა მეფე საურმაგს შემოუღია, კერპიც მასვე აღუმართავს მცხეთაში. ქართ. საისტ. წყაროებში ა-ს სქესის ან საკულტო ფუნქციის შესახებ რაიმე მითითება არ შემონახულა. მეფე საურმაგის მიერ საკუთარი კერპის შემოღების მიზეზების, ისევე როგორც ქართლის მთავარ ღვთაებათა (არმაზი, ზადენი) კულტთან ამავე მეფის დამოკიდებულების გარკვევა არ ხერხდება. შესაძლოა ა. განეკუთვნებოდა ქართვ. ტომთა უძველეს (არა მთავარ) ღვთაებათა პანთეონს, თუმცა არ არის გამორიცხული მისი დაკავშირება არაქართ. სამყაროსთან. ა-ს კერპს უკავშირებდნენ ანაჰიტას კულტს (სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი მაზდეანურ რელიგიაში) და შუმერული პანთეონის ზოგიერთ ღვთაებას (ნ. მარი, მ. წერეთელი), რაც ი. ჯავახიშვილს ნაკლებ სჯეროდა. ა. სვანიძე ა-ს უკავშირებდა ქართ. ხალხ. სიმღერათა მისამღერებში შემორჩენილ „ნანა“, „ნანაია“, „ნანუნი“, „რანინა“, „ნანინა“, „ანინა“ სახელებს, რ-თაც განიხილავდა როგორც ღვთაებებს და ძვ. წინააზიურ პანთეონს მიაკუთვნებდა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
გ. გიორგაძე