აკაცია (Acacia), მერქნიან მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა.
ეკლიანი ან უეკლო ხეები ან ბუჩქებია. 750-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში; მათგან ნახევარზე მეტი - ავსტრალიაში (იქ. ა. ეროვნ. ემბლემაა), ნაწილი კი – აფრიკასა და ამერიკაში. იზრდება მშრალ უდაბნოებსა (მექსიკა, ავსტრალია) და ჭარბტენიან ადგილებში (ინდოეთი, მადაგასკარი). მრავალ სახეობას (უმთავრესად ავსტრალიურს) ფოთლის ფირფიტა არ უვითარდება და ფოტოსინთეზის ფუნქციას ფოთოლივით გაფართოებული ყუნწი, ე. წ. ფილოდიუმი, ასრულებს. ა. საქართველოში ბუნებრივად არ იზრდება; შავი ზღვის სანაპიროზე შემოტანილი ლეგა ა. (A. delbata), აბანოზის აკაცია და სხვ. ლეგა ა. აჭარასა და აფხაზეთში გაველურებულია და ზღვისპირა კალთებზე ზოგჯერ კორომებსაც ქმნის. იზრდება სწრაფად. თაფლოვანია. ქერქი შეიცავს ტანიდებს. ღეროდან იღებენ გუმფისს, რ-იც 84%-მდე გუმიარაბიკს შეიცავს. დეკორ. ხეა. რგავენ ფერდობების გასატყიანებლად და ქალაქების გასამწვანებლად.
ვ. მათიკაშვილი