აკერმანი ნიკოლოზ გიორგის ძე (11. II. 1908, ქ. ალექსანდროვსკოე, სტავროპოლის მხარე, – 23. V. 1986, თბილისი), ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. საქართვ. დამს. ბიბლიოთეკარი (1963).
დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი (1930). 1926-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა რესპ. საჯარო ბ-კაში (ახლანდ. საქართვ. ეროვნ. ბ-კა) საცნობო-ბიბლიოგრაფიული განყ-ბის მთავარ ბიბლიოგრაფად. შეადგინა შემდეგი ბიბლიოგრაფიული ნაშრომები: „სსრკ ხალხთა ლიტერატურა ქართულ ენაზე. 1921 – 40“ (დ. ეგორაშვილთან ერთად, თბ., 1941), „ქართული ლიტერატურა. რევოლუციამდელი პერიოდი“ (ტ. საპატოვასთან ერთად, მოსკოვი, 1986), ქართვ. და რუს მწერალთა სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიული საძიებლები (თანაავტორებთან ერთად) და სხვ. ა-მა თარგმნა რუს. ენაზე ა. ქუთათელის „აბესალომ და ეთერი“ (1939), გ. წერეთლის „მამდია ასმათი“ და „რუხი მგელი“ (1941), ა. გაწერელიას „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1945), ა. ერისთავ-ხოშტარიას „მოლიპულ გზაზე“ (ა. ყანჩელთან ერთად, 1946), ი. ნიკოლაძის მემუარები „ერთი წელი როდენთან“ (1946), ა. ხახუტაშვილის „იოსებ ლაღიაშვილი“ (1951), დ. ბაქრაძის „გმირთა სისხლით“ (წგ. I-1953, წგ. II – პ. ვერშიგორასთან ერთად, 1956), ვ. კანდელაკის „სარეველა“ (1954), გ. ჩიქოვანის „მაია“ (1958), ლ. ავალიანის „ახალი ჰორიზონტი“ (1959), კრებ. „თქმულებები და ლეგენდები“ (1963), გ. ჯიბლაძის „რომანტიკოსები და რეალისტები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“ (1963), ი. ჩადუნელის რომანი „მსჯვარი“ („ლიტერატურნაია გრუზია“. 1974, № 9, 10, 11).
რ. კვერენჩხილაძე