აკვანება

აკვანება, VI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლნისი–დმანისის გზის მე-5 კმ-ზე, გზიდან დაახლ. 200 მ-ზე.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. აფსიდიანი დარბაზული ეკლესია და სამხრ-იდან მასზე მიშენებული ასევე აფსიდიანი ეგვტერი სწორ, სქელ (სისქე 110 სმ) კედლებს შორის არის მოქცეული. მოპირკეთებულია მუქი ყვითელი ქვიშაქვის სწორად ნაწყობი კვადრებით. მორთულობიდან აღსანიშნავია საკურთხევლის კონქის მოჩუქურთმებული იმპოსტები და ერთ-ერთი კარის არქიტრავზე გამოსახული ქრისტიანული სიმბოლიკური ხასიათის რელიეფი, რ-იც ზოგადი კომპოზიციური ხასიათით, ასევე შესრულების ტექნიკითა და ცალკეული მოტივების მოხმარების ხერხებით, მჭიდროდ დგას ბოლნისის სიონის ჯგუფის ძეგლებთან. კარ-სარკმლის სათაურები გარედან ასევე მოჩუქურთმებული იყო (ამჟამად მორთულობა აღარ არსებობს).

ლიტ.: რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი  ლ., ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი, «ქართული ხელოვნება», 1948, ტ. 2.

ლ. რჩეულიშვილი