აკვანი

აკვანი (მეგრ. არკვანი, სვან. აკავანი), ჩვილის საწოლი, ძველთაგან გავრცელებული ევროპა-აზიის ზოგიერთ ხალხში.

ა. არის სარწევი და საქანებელი. სარწევს საგოგავები აქვს, საქანებელი კი თოკებზეა ჩამოკიდებული. ა-ის პრიმიტ. სახეობაა ე. წ. ხოჭიჭი –საგებლიანი ფიცარი. ნამდვილ ა-ში ჩაწვენამდე ჩვილს ხოჭიჭში აკრავდნენ, ზოგჯერ კი ზანდურის (პურეულის) ღეროებში ახვევდნენ და არტახებით ძნასავით კრავდნენ. ამგვარ საწოლს ფირცხი ერქვა. საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სარწევი ა-ის მოწყობილობაში შედის ნაალი, საბანი, საბეჭურები, არტახები და სხვ. ლეიბში სათანადო ადგილზე ამოჭრილ ჰიგიენურ ნახვრეტში უყრიან შიბაქს ან აფენენ ბუერის, ანწლის, ღოლოს სუფთა ფოთლებს. ავი თვალისაგან ბავშვის დასაცავად, ხალხური ჩვეულების მიხედვით, ა-ზე კიდებდნენ ავგაროზებს. უშვილობის ან ბავშვის ავადმყოფობის დროს ხატს პატარა ა-ს სწირავდნენ. საქართველოში ამჟამად გავრცელებული ა. არ უნდა იყოს ქართული. შუა ფეოდალური ხანის ზოგიერთი ტაძრის ფრესკებზე გამოსახული ა-ები ოთხ ფეხზე მდგარი საწოლებია, ხოლო საგოგავების პრინციპზე შექმნილი ა-ები მომთაბარე ტომებს უნდა გაევრცელებინათ. მათ დღესაც ხმარობენ მთელ აღმ. სამყაროში და ცნობილი არიან აღმ. ტიპის ა-ის – ბეშიკის სახელწოდებით. როგორც ჩანს, მოგვიანო ხანაში ქართული ა. ამ უკანასკნელმა შეცვალა. სპეციალისტების აზრით, ა-ში ახალშობილის აღზრდა სერიოზულ დარღვევებს იწვევს ორგანიზმში.

ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე-ლ ო მ ი ა  ვ., ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული რიტუალი მთიან ქართლში, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1928, ტ. 4; მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი  ე., ბავშვის მოვლა-აღზრდის წესები მთიულეთში, იქვე, 1957, ტ. 19A და 21B.

გ. ჩიტაია

თ. აბდუშელიშვილი