აკვნის სიმღერა, აკვანთან სამღერი, ბავშვის დასაძინებელი ხალხური ლექს-სიმღერა.
მისთვის ნიშანდობლივია პოეტური ტექსტისა და მელოდიის ერთობილობა. ა. ს. ერთხმიანია, სრულდება ინდივიდუალურად, ღიღინით. ქართ. ა. ს-ები ცნობილია „ნანას“ (ვარიაციები: „ნანი“, „ნენ“, „ნანო“, „ნანი-ნანი“) და „ნანინას“ სახელწოდებით. ა. ს-ები გენეტიკურად უკავშირდება „იავნანას“, რ-იც ქალთა რეპერტუარს განეკუთვნება და ფუნქციურად ბავშვის ინტერესებთან არის დაკავშირებული. ხშირად აქვთ მსგავსი რეფრენები („იავნანა, ვარდონანა“), რაც მზისა და ნაყოფიერების ქალი ღვთაების სახელისაგან – ნანასაგან მომდინარეობს. ა. ს-ის ტექსტები ზოგჯერ შემსრულებელთა (დედა, ბებია, ძიძა...) განცდებსა და მისწრაფებებს, ზოგჯერ მოზარდთა სამყაროს გამოხატავს. ეს ლექს-სიმღერები სპეციალურად პატარებისათვის იქმნება და საბავშვო ფოლკლორის რეპერტუარს განეკუთვნება. ა. ს-ებში გვხვდება საგმირო, საისტ., სოც., პატრ., რელიგ. და სხვ. მოტივების შემცველი მაღალმხატვრული ტექსტები, რ-ებიც მდიდარ მასალას შეიცავენ ძვ. ქართ. კულტ., ისტ. და ყოფა-ცხოვრების შესწავლისათვის. იდეურ-თემატიკური მრავალფეროვნება, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების სიუხვე და ფორმის სრულყოფილება განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს ამ ლექსებს ქართ. ფოლკლორში. ა. ს. ძირითადად 8-მარცვლოვანი შაირითაა გამართული, გვხვდება 7- და ნაკლებმარცვლოვანი ტაეპებიც. ე. წ. ჰეტერომეტრული სტროფების დადასტურება ტრად. ა. ს-ებში ამ ტიპის ლექსთა უძველეს წარმოშობაზე მიგვანიშნებს. ხშირად გვხვდება არატრად. ტექსტებიც; იმპროვიზაციულობა ხელს უწყობს ყრმათა დასაძინებელ ლექს-სიმღერათა ვარიანტულობას. ა. ს., როგორც მუს. ფორმა, ხალხ. მუს. შემოქმედების განვითარების სიმღერამდელ სტადიას განეკუთვნება. ზოგჯერ მას გარკვეული დაბოლოებაც კი არ გააჩნია (მაგ., ხევსურული „ნანას“ ზოგიერთი ვარიანტი), რადგან მისი შესრულების ფორმა და ხანგრძლივობა მთლიანადაა დაკავშირებული მის სოც. ფუნქციასთან – ბავშვის დაძინებასთან. მუსიკალურად ა. ს., როგორც წესი, მარტივი მელოდია-ფორმულაა, რ-იც მრავალგზის მეორდება. მისი საფუძველია პატარა დიაპაზონის (სეკუნდიდან კვინტამდე, იშვიათად-უფრო ფართო) მელოდიური საქცევი. სვანურ ა. ს-ში („ნანაილა“) კილოური საფუძველია ძალზე იშვიათი ლიდიური კილოს პენტაკორდი. ცნობილია ა. ს-ები, რ-ებსაც უმღერიან ბავშვს გაღვიძების დროს. ასეთი ა. ს-ები ქართველებს შორის ცნობილია მხოლოდ ინგილოურ მუს. ფოლკლორში. ზოგიერთ მხარეში (კახეთი, სამეგრელო, გურია, იმერეთი) ა. ს-ებმა მნიშვნელოვანი სოც. ტრანსფორმაცია განიცადეს. აქ ჩვეულებრივი ა. ს-ის გარდა არსებობს მრავალხმიან ლირ. სიმღერათა ჯგუფი („კახური ნანა,“ „მეგრული ნანა“ და სხვ.), რ-საც ძირითადად მამაკაცები ასრულებენ და სოც. ფუნქციით აღარ უკავშირდება ბავშვის დაძინების პროცესს. მრავალხმიან ა. ს-ებს ზოგიერთი სხვა ხალხის მუს. შემოქმედებაშიც ვხვდებით (მაგ., ჩრდ კავკასიაში, ცენტრ. აფრიკაში).
ლიტ.: ა ს ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი შ., ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, [ტ.] 1, თბ., 1954; ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი ფ., ქართული საბავშვო ფოლკლორის საკითხები, თბ., 1977; იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 1, კ. კეკელიძის და ალ. ბარამიძის რედ., ტფ., 1936; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე ნ., მრავალხმიანი აკვნის სიმღერა. «საბჭოთა ხელოვნება», 1987, №8, ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ქ., საბავშვო ფოლკლორი. თბ., 1938.