აკლდამა

აკლდამა (ძვ. ებრ. aqeldãm – „სისხლის ველი“; იმ ადგილის სახელწოდება, სადაც ძვ. იერუსალიმის სასაფლაო იყო), მიწისზედა ან ნაწილობრივ მიწისქვეშა (ზოგჯერ კლდეში ნაკვეთი) სამარხი ნაგებობა.

იგივეა, რაც ძვ. ქართ. სამარხავი. ა. ერთი ან რამდენიმე მიცვალებულის, ჩვეულებრივ ერთი ოჯახის ან საგვარეულოს წარმომადგენელთა დასაკრძალავი იყო. ა. და ა-ის ტიპის სამარხი ნაგებობები (მავზოლეუმი, მასტაბა, პირამიდა, კრიპტა და სხვ.) გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ცნობილია ძვ. ეგვ., ძვ. სპარს. და სხვ. კლდეში ნაკვეთი ა-ები, ეტრუსკების, მცირე აზიისა და ჩრდ. შავი ზღვისპირეთის ანტ. ხანის ა-ები. ა. ჩვეულებრივ ქვის კაპიტ. ნაგებობაა, ხშირად შიგნიდან შელესილი და მოხატული. მისი აგება მხოლოდ საზ-ბის არისტოკრ. ნაწილს შეეძლო. ქართლის ცხოვრების თანახმად, ა-ში იმარხებოდნენ ქართლის მეფეები (რევი, მირიანი...). საქართველოში აღმოჩენილია ქართლის სამეფოს მესვეურთა, წარჩინებულთა და მათი ოჯახის წევრთა მავზოლეუმის ტიპის ა-ები სამადლოში (ძვ. წ. III ს.), მცხეთაში (I ს., იხ. მცხეთის აკლდამა), ბაგინეთში (III ს.). ა-ები გათხარეს აგრეთვე წილკანში (IV – V სს.), ივრის სიონში (V–VIII სს.), ხორნაბუჯის მიდამოებში (V–VIII სს.), ჟინვალში (XI – XIII სს.) და სხვ. აღსანიშნავია ხევსურეთში სოფ. მუცოს ქვით ნაშენი ოთხკუთხა ა-ები; მათ შიდა კედლებზე ქვის თაროებია და ზედ ადამიანთა ჩონჩხები აწყვია. საყურადღებოა აგრეთვე ანატორის (სოფ. შატილთან) ა-ები. ხალხ. მეტყველებაში ა. უმთავრესად ქვით ან აგურით ნაგები სამარხია ერთი ან რამდენიმე მიცვალებულის დასაკრძალავად.

ლიტ.: თ ე დ ო რ ა ძ ე  გ., ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, ტფ., 1930; მ ე ნ თ ე შ ა შ ვ ი ლ ი  ს., მიცვალებულთა დამარხვისა და სამარეების ტერმინოლოგიისათვის, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1944, 12 B; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 1 - მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ., 1946; Л о м т а т и д з е  Г. А., Археологические раскопки в древногрузинской столице Мцхета, Тб., 1955.

გ. ლომთათიძე

ი. გაგოშიძე