აკლიმატიზაცია

აკლიმატიზაცია ცხოველისა, ახალ საარსებო პირობებთან ორგანიზმების შეგუების პროცესი.

დაკავშირებულია ცხოველებისა და მცენარეების ბუნებრივ (ბუნებრივი ა.) ან ხელოვნურ (ხელოვნური ა.) განსახლებასთან ისეთ ადგილებში, სადაც წინათ არ გვხვდებოდნენ ან ბინადრობდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის (ტყეების გაჩეხვა ან გაშენება, ყამირის დამუშავება, ჭაობების ამოშრობა და ა. შ.) გამო განადგურდნენ (რეაკლიმატიზაცია). აკლიმატიზებულია სახეობა, რ-საც შეუძლია ახ. პირობებში შთამომავლობის მოცემა, როდესაც პოპულაცია იძენს უნარს შეინარჩუნოს თავისი რიცხოვნობა და აღიდგინოს იგი დეპრესიის პერიოდის შემდეგ. საქართვ. სამეურნეო პრაქტიკაში ა. მიმართულია ჩვენი ფლორისა და ფაუნის რეკონსტრუქციისა და ახ. სამონადირეო-სარეწაო და სხვ. სასარგებლო ცხოველებით გამდიდრებისაკენ. საქართველოში ცხოველთა ა-ს დიდი ხნის ისტორია აქვს. XIX ს. ბოლოდან დღემდე აკლიმატიზებულია სასარგებლო, უმეტესად სამონადირეო-სარეწაო ცხოველთა 26-მდე სახეობა და ქვესახეობა. 1885–92 წლებში ბორჯომის ახლანდელი ნაკრძალის ტერიტორიაზე სააკლიმატიზაციოდ შემოიყვანეს 65 სული ევროპული ირემი (Cervus elaphus elaphus), რ-იც შეეჯვარა ადგილობრივ ირემს (ჰიბრიდული გავლენა ამჟამადაც შეინიშნება), ირემლაღი (Cervus dama), რ-იც კარგად შეეგუა ადგილ. პირობებს და უკვე 1918-თვის ამ ცხოველების 50–80-სულიანი ჯგუფები არსებობდა. ამავე პერიოდში ბორჯომის ხეობაში შემოიყვანეს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) და დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra severtzovi). ორივე სახეობა როგორც ურთიერთშორის, ისე იქ მობინადრე ნიამორთან (Capra aegagrus) შეჯვარების შედეგად იძლეოდა მეტად საინტერესო ჰიბრიდებს. მათმა რაოდენობამ 1918-თვის თავისი ჰიბრიდებიანად 500 სულს გადააჭარბა და ისინი ირემლაღთან ერთად 1937–40 წლებამდე კიდევ გვხვდებოდნენ. 1940 თებერდის ნაკრძალში აკლიმატიზებული ალთაური ციყვი (Sciurus vulgaris altaicus) სწრაფად გამრავლდა და შემოიჭრა საქართველოს ტყეებში (ბუნებრივი ა.). 1952 ბორჯომის ნაკრძალში სააკლიმატიზაციოდ გაუშვეს 70 თელეუთური ციყვი (Sciurus vulgaris exalbidus), რ-იც კარგად გამრავლდა, მთელ საქართველოში განსახლდა და ქმნის ჰიბრიდებს ალთაურ ციყვთან. 1930 ჯანდარის ტბაზე გაშვებული ნუტრია (Myocastor coypus) ყინვამ მოსპო, ერთეულები შემორჩა მტკვრის ჭალაში. 1932 ნუტრია კვლავ გაუშვეს ფოთის ჭალებში, ხოლო 1936 –აფხაზეთში, ინკითის ტბასთან. აქაურ პირობებს ნუტრია კარგად შეეგუა, გამრავლდა, მაგრამ გადაჭარბებული დამზადების შედეგად მისი რაოდენობა უკიდურესად შემცირდა. 1956 წ. 50 ნუტრია და 4 ირემლაღი შეიყვანეს ივრის ჭალაში „ყორუღის“ სამონადირეო მეურნეობაში. მათ აქ 1960-მდე იარსებეს. 1938 თელავის, ახმეტის, შიდა ქართლის, აფხ. მთელ რიგ რ-ნებში სააკლიმატიზაციოდ შემოიყვანეს ძვირფასბეწვიანი ენოტისებრი ძაღლი (Nyctereutes procyonoides). ცხოველი ახ. ადგილებს კარგად შეეგუა, მაგრამ მალე სას.-სამ. მავნებლად გადაიქცა და მოსახლეობამ მოსპო, შემორჩა ერთეულები. 1940 ყვარლის რ-ნში, ჩანტლის ყურეში, სააკლიმატიზაციოდ გაუშვეს 63 ძვირფასბეწვიანი ამერიკული წაულა (Lutreola vison), რ-მაც გადაინაცვლა ალაზნის ჭალაში და მალევე მოისპო. ბუნებრივი ა-ის გზით საქართველოში შემოიჭრა და ალაზნისა და ივრის ჭალების ბინადარი გახდა აზერბაიჯანში აკლიმატიზებული (1941) ენოტი (Procyon lotor), რ-იც მავნებლად გადაიქცა (ანადგურებს ხოხობს); 1984 – 85 აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში, ასევე ბუნებრივად შემოიჭრა თებერდის ნაკრძალში აკლიმატიზებული ზუბრო-ბიზონი.

1961 საქართვ. მთელ რიგ ადგილებში სააკლიმატიზაციოდ გაუშვეს ჩეხოსლოვაკიიდან შემოყვანილი ევროპული კურდღელი (Lepus europaeus europaeus), რ-იც ზომა-წონით აღემატება საქართველოში მობინადრე კურდღელს; 1958–85 შემოიყვანეს 1300-მდე გარეული ღორი და მათი ჰიბრიდი, 1980–84 - იაკი. სამივე შემთხვევაში ა-ის ცდები უშედეგოდ დამთავრდა. 1987 ახალქალაქის რ-ნში ხანჩალის ტბაზე გაუშვეს 20 ონდატრა, რ-ებმაც კარგად გამოიზამთრეს. სამეურნეო მიზნით 1938 ნადირსაშენებში შემოიყვანეს შავ-ვერცხლისფერი მელა (Vulpes fulvus), და წარმატებით მოაშენეს. უშედეგოდ დამთავრდა 1888 და 1941 ყარაიაზსა და ალაზნის დაბლობზე შემოყვანილი დურაჯის (Francolinus francolinus) ა-ის ცდები. ასევე უშედეგო აღმოჩნდა 1958– 62 შემოყვანილი სამონადირეო საყელოიანი ხოხბის (Phasianus colchicus) და გნოლის (Perdix perdix), 1971 შუააზიური კაკბის (Alectoris graeca) ა. 1985 „ყორუღის“ სამონადირეო მეურნეობაში შეიყვანეს აზიური კაკაბი, 1984–85 -–აფხაზეთსა (ოჩამჩირე) და ბაღდათში – საყელოიანი ხოხობი. მალარიის კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 1925 დას. საქართვ. მთელ რიგ ადგილებში სააკლიმატიზაციოდ შემოიყვანეს ჩრდილოამერიკული პატარა თევზი გამბუზია (Gambusua afinis holbrookii). ამჟამად იგი მრავალ ტბაში, ტბორსა და ჭაობიან ადგილშია მოშენებული. 1931 სარკისებრი კობრი (Cyprinus carpio) მოაშენეს ჯერ თავდაპირველად ჯაპანის წყალსატევში, ხოლო შემდეგ ჯანდარის, კუმისის, ბაზალეთის ტბებსა და თბილ. ზღვაში. ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში იმავე წელს აკლიმატიზებულმა ჭაფალამ (Coregonus albula) და სიგმამ (Coregonus lavaretus) საუკეთესო შედეგები მოგვცა. ასევე 1951 წარმატებით დაინერგა მეურნეობებში შავწყალაში, რუისსა და თბილ. ზღვაში აკლიმატიზებული ცისარტყელა კალმახი (Salmo irideus). 1961-იდან შავწყალას თევზმეურნეობაში აკლიმატიზებულია გორბუშა (Onkorhynchus gorbuscha), 1962-იდან ბათუმის თევზმეურნეობის სამეცნ.-კვლ. სადგურში – მსხვილშუბლა (Hypophthalmichtys molitrix) და თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ენტომოფაგი მწერების ა. დას. საქართველოში შემოყვანილია კრიპტოლემუსი (Cryptolemus montrouzieri) და როდოლია (Rodolia cardinalis), ბორჯომის ხეობაში - რიზოფაგუსი (Rhyzophagus), აგრეთვე აფელინუსი (Aphelinus mali). ამ მწერების შემოყვანამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ისეთი საშიში მავნებლების გამრავლება, როგორიცაა ცრუფარიანები, ბუგრები და სხვ. ა-ის მიზნით ახ. საცხოვრ. გარემოში სახეობის ჩასახლება მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, რადგან ასეთი ჩასახლება ჩვეულებრივ იწვევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევას, ჩამოყალიბებული კვების ჯაჭვის შეცვლას, ადგილ. სახეობების გაძევებას, არ არის გამორიცხული ახ. სახეობის წარმოქმნა და ჰიბრიდიზაციის შედეგად ადგილ. ფორმების შთანთქმა. გასათვალისწინებელია შედეგი არა მარტო აკლიმატიზებული სახეობისათვის, არამედ იმ გარემოსთვისაც, რ-შიც ხდება ა. ყურადსაღებია აგრეთვე ისიც, სარგებლობას მოუტანს თუ ზიანს მიაყენებს აკლიმატიზებული სახეობის მასობრივი გამრავლება მეურნეობას. 2020 გაიხსნა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, სადაც მოხდა მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ათეულობით სახეობის ფრინველის და მრავალი ეგზოტიკური სახეობის ხე-მცენარის შემოტანა და აკლიმატიზაცია.

ა. არაბული