„აკტი კავკაზსკოი არხეოგრაფიჩესკოი კომისიი“ („კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები“), საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შესახებ არსებული დოკუმენტების კრებული (უმთავრესად XIV ს-იდან 1862-მდე).
დაიბეჭდა კავკ. მეფისნაცვლის გადაწყვეტილებითა და რუს. მთავრობის ნებართვით. გამოსცა კავკასიის არქეოგრაფიულმა კომისიამ. გამოცემის მიზანი იყო კავკასიაში ცარიზმის კოლონ. პოლიტიკის გამართლება. ამან განაპირობა მასალის ტენდენციური შერჩევა (უმთავრესად შეიცავს წყაროებს სამხ. ისტორიის შესახებ, ნაკლებად – ცნობებს ეკონ. და სოც. ურთიერთობათა სფეროდან). აქტები 12 ტომისაგან შედგება. I–X ტტ. რედ. იყო კომისიის პირველი თავ-რე ა. ბერჟე, XI ტ. – დ. კობიაკოვი, XII ტ. – ე. ვეიდენბაუმი. ტომები თანამიმდევრულად ეძღვნება კავკ. მთავარმართებელთა და მეფისნაცვალთა მოღვაწეობის პერიოდებს. I ტომში (კ. კნორინგის მმართველობა, 1801 – 02) შესულია 1398 –1800 ქართ., არაბ., სპარს. და 1762–1802 რუს. საბუთები, II ტომში – 1802–06 (პ. ციციანოვის მმართველობა) საბუთები, დამატებაში კი – XVI ს. კაიტაღის ხელნაწერები, ამავე დროის სპარს. და XVIII ს. რუს., ქართ. და სომხ. საბუთები. III ტომში შედის 1806– 09 (ი. გუდოვიჩის მმართველობა), IV ტომში –1809–11 (ა. ტორმასოვის მმართველობა), V ტომში – 1811–16 (ფ. პაულუჩისა და ნ. რტიშჩევის მმართველობა) საბუთები. V ტომის დამატებაში არის დოკუმენტები ფრანგ. ენაზე: სპარსეთის მიმოხილვა (1807), პაულუჩის მოხსენებითი ბარათი რუს.-სპარს. და რუს.-ოსმ. საზღვრების შესახებ (1817); დ. ბაქრაძის „კავკასია ქრისტიანობის ძველ ძეგლებში“ (რუს. ენაზე), შირვანის, ბაქოს და შაქის ხანების და ელისუს სულთნების შთამომავლობითი ნუსხები. VI ტომში (ორ წიგნად) წარმოდგენილია 1816–27 (ა. ერმოლოვის მმართველობა) საბუთები, დამატებაში 1398–1800 სიგელები, ფირმანები და სხვ. დოკუმენტები, 1800–27 უმაღლესი რესკრიპტები და განკარგულებები, დ. ბაქრაძის ზემოხსენებული ნაშრომის მეორე ნაწილი, განჯისა და ყუბის ხანების შთამომავლობითი ნუსხები. VII ტომი შეიცავს 1827–31 (ი. პასკევიჩის მმართველობა) საბუთებს; VIII ტომი – 1831–37 (გ. როზენის მმართველობა), IX ტომი - 1837 – 44 (ე. გოლოვინისა და ა. ნეიდგარდტის მმართველობა), X ტომი – 1844–54 (მ. ვორონცოვის მმართველობა), XI ტომი - 1854–56 (ნ. მურავიოვის მმართველობა), XII ტომი 1856–62 (ა. ბარიატინსკის მმართველობა) საბუთებს. XII ტომის დამატებაშია ბარიატინსკის ანგარიში (1857–59), შამილის მეთვალყურე ბოქაულის რუნოვსკის დღიური (1859–62). ტომების წინასიტყვაობაში მოცემულია კავკ. მხარის მოღვაწეთა ბიოგრაფიები და უმთავრეს მოვლენათა მიმოხილვები. თანამედროვე არქეოგრაფიული თვალსაზრისით დოკუმენტები არადამაკმაყოფილებლად არის გამოქვეყნებული (არ ახლავს ლეგენდები, არ არის მითითებული წყაროები და სხვ.). მიუხედავად ამისა, საქართველოსა და კავკასიის შესაბამისი ეპოქების ისტ. დიდად მნიშვნელოვანი წყაროა.
გამოც.: Акты, собранные Кавказской археографической комиссиею, т. 1–12, Тфл., 1866–1904.
ლიტ.: П о л и е в к т о в М. А., Кавказская археографическая комиссия и ее наследие в Центрархиве ССР Грузии, «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2.
შ. ხანთაძე