ალადაშვილი ვახტანგ ალექსანდრეს ძე

ალადაშვილი ვახტანგ ალექსანდრეს ძე (13. V. 1921, თბილისი, – 20. VII. 1986, იქვე), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982).

1942 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. მუშაობდა მამის – ა. ალადაშვილის ხელმძღვანელობით. 1971-იდან გარდაცვალებამდე იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის შინაგან დაავადებათა №1 კათედრის გამგე. იკვლევდა შინაგანი დაავადებების, ძირითადად ქრონ. გასტრიტის, ათეროსკლეროზის, ცხიმების ცვლის მოშლის საკითხებს. სამედ. პრაქტიკაში დანერგა ღვიძლისა და კუჭის დაავადებების მკურნალობის ახ. მეთოდები, ადგილ. ნედლეულისგან დამზადებული სამკურნ. საშუალებები, თიხა „ასკანე“, უალკოჰოლო ღვინო. წლების განმავლობაში იყო ქართ. ენციკლოპედიის მედ. რედაქციის სამეცნ. საბჭოს თერაპიის სექციის თავ-რე.

თხზ.: თერაპიული ცნობარი, თბ., 1980 (თანაავტ.); საოჯახო მედიცინა, თბ., 1984 (თანაავტ. და რედ.); Значение нарушения центральной нервой регулации в патогензе хронического гастрита и связанных с ним анемий, Тб., 1961; Внутренние болезни (учебник), Тб., 1983.