ალაზანი

ალაზანი, მდინარე აღმ. საქართველოში. სიგრძე 351 კმ, აუზის ფართ. 11,8 ათ. კმ². სათავეს იღებს კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვ. დიდი ბორბალოს აღმ. კალთაზე. ზემოწელში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩევირის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). ა-ის ქვემო დინების გასწვრივ გადის საქართვ. – აზერბ. საზღვარი. ა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წლ. ჩამონადენის დაახლ. 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა – 30 - 30%-ს. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმოვარდნა – შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წლ. ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე – 29,1%, შემოდგომაზე – 20,3%, ზამთარში – 12,3%. არ იყინება.

ა-ის მარცხ. შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმი, გიშისწყალი და სხვ.; მარჯვ. – ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი და სხვ. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). შემორჩენილია ჭალის ტყეები. ა-ს მინგეჩევირის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ. მ³ წყალი.

იყენებენ სარწყავად. ა-იდან გაყვანილია ალაზნის არხი და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა.

ი. აფხაზავა