ალანები

ალანები (ლათ. Alani, ქართველურ ენებში – ალანები, ძვ. ქართ. ისტ. წყაროებით – ოვსნი, რუს ენაზე – იასები), ჩრდ. ირანული წარმოშობის მომთაბარე ტომი.

ეთნონიმი – alan მომდინარეობს ირანელთა წინარესამშობლოს სახელისგან – aryana. ახ. წ. I ს. II ნახევარში ა. აღმ-იდან მოვიდნენ ვოლგა-დონის ქვემოწელზე და აზოვისპირეთში. I–II სს-ში ქართლის სამეფო ა-ის ლაშქარს იყენებდა რომის იმპერიისა და პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 372 ვოლგის გადაღმიდან შემოსულმა ჰუნებმა გაანადგურეს ალანთა გაერთიანება. მათი ნაწილი ჩრდ. კავკასიის ველებსა და მთისწინეთს შეეფარა, ნაწილი კი, ჰუნთა შემადგენლობაში მყოფი, შეესია დას. ევროპას და შემდგომ ვანდალებთან ერთად ჩრდ. აფრიკაში შექმნა ალან-ვანდალთა სამეფო. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, ალანეთში ქრისტიანობა ანდრია მოციქულმა იქადაგა. X ს-იდან კი ბიზანტ. და ქართვ. მისიონერთა მეშვეობით ა-ში გავრცელდა ქრისტიანობა. X ს-შივე იყო ცდა ალანური დამწერლობის შექმნისა ბერძნ. ანბანის მეშვეობით (ზელენჩუკის წარწერა). VIII–IX სს-ში ალანეთი ხაზართა სახაკანოს შემადგენლობაში იყო. IX–XIII სს-ში არსებობდა ალანთა ადრინდ. ფეოდ. სახელმწიფო. ა. ამ დროს მოსახლეობდნენ მდ. ყუბანის სათავეებსა და თერგის შუა წელს შორის, უმეტესად ჩრდ. კავკასიის ველებსა და მთისწინეთში, ხშირად სხვა კავკ. ტომებთან ერთად. მოსული ირანულენოვანი ა-ისა და ადგილ. კავკასიურენოვან ტომთა შერწყმის შედეგად X–XII სს-თვის ჩამოყალიბება დაიწყო ახ. ეთნიკურმა ერთობამ - ალან-ოსურმა ეთნოსმა. გაიმარჯვა მოსულთა ენამ და დამხვდურთა ანთროპოლ. ტიპმა. ა-მა გარკვეული როლი ითამაშეს სხვა ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ეთნოგენეზშიც. ალანია სამეფოს მჭიდრო კულტ.-პოლიტ. ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, განსაკუთრებით XI – XIII სს-ში. ა-ში ფართოდ გავრცელდა ქართული ქრისტ. კულტურა (არქიტექტურა, ფერწერა); ხშირი იყო დინასტიური ქორწინებებიც. 1238–39 ალანეთი მონღოლებმა დაიპყრეს. ამ დროს მოხდა მისი, როგორც სახელმწიფოებრივ-კულტურული ერთეულის დეგრადაცია. ალან-ოსთა ნაწილმა ყივჩაღებთან ერთად უნგრეთს შეაფარა თავი, ნაწილი მონღოლებმა გადაასახლეს თავიანთი იმპერიის აღმოსავლეთით. კავკასიაში დარჩენილი ალან-ოსები მონღოლებთან ერთად ხშირად ლაშქრობდნენ საქართველოში. ამ დროიდანვე დაიწყო მათ მიერ ჩრდ. კავკასიის მთიანეთის ხეობების ათვისება და ოსური ეთნოსის საბოლოო ფორმირება. იხ. აგრეთვე ოსები.

ლიტ.: ა ფ ხ ა ზ ა ვ ა  ნ., ალანები და საქართველო, «მაცნე», ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1991 №3 – 4; Г а м р е к е л и  В. Н., Двалы и Двалетия, Тб., 1961; История Северо-Осетинской АССР, т. 1, Владикавказ, 1987.

ნ. აფხაზავა