ალასანია ირაკლი მამიას ძე (დ. 21. XII. 1973, ბათუმი), პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004–06 და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (1995), იმავდროულად 1994–96 სწავლობდა სახელმწ. უშიშროების აკადემიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვ. სახელმწ. უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში: იყო უშიშროების (2002–04) და თავდაცვის (2004) მინისტრის მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (2004), 2006–08 იყო საქართვ. მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ამავდროულად საქართვ. პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2009 ა-მ დაარსა პარტია „ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები“, 2011 გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი. საპარლამენტო არჩევნებში კოალიცის გამარჯვების შემდეგ 2012 დაინიშნა საქართვ. თავდაცვის მინისტრად. 2014 ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ა. პოსტიდან გადააყენა, რის შემდეგაც მან კოალიცია დატოვა.