ალახაძი

ალახაძი, სოფელი გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. ბზიფის მარჯვ. მხარეს, რკინიგზის ხაზთან. თემის ცენტრი.ზ. დ. 12 მ, გაგრიდან 11 კმ. 1970 – 71 ბიჭვინთის არქეოლ. ექსპედიციის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად სოფელში ახაშნიხის ბორცვზე გამოვლინდა ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანის კულტ. ფენები და ნაგებობათა ნაშთები (იხ. სტ. ბიჭვინთა). განსაკუთრებით საყურადღებოა უზარმაზარი ტაძრის ნანგრევები. ძეგლი წარმოადგენს სამნავიან ნაგებობას, რ-ის ორიგინალური, გარედან შვიდწახნაგოვანი დიდი აფსიდი სამივე ნავს მოიცავს. ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი ქვის ბლოკებით (ქვიშაქვა და კირქვა), გამოყენებულია აგრეთვე რიყის ქვა და აგური. განსაკუთრებით საინტერესოა კედლის წყობაში ჩართული დაახლ. კვადრატული ან ოდნავ წაგრძელებული ფორმის კერამ. ყუთ-ბლოკები, რ-თა ერთი გვერდი, როგორც წესი, გახსნილია და თვით ყუთი შევსებულია კირხსნარით. საშენი მასალისა და ხერხების გამოყენების საფუძველზე ძეგლი VII–VIII სს-ით თარიღდება. ა-ის ტაძარი ქართული და საერთოდ ადრინდ. ფეოდალური ხანის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების საინტერესო ძეგლია. ა-ის მახლობლად დგას უფრო პატარა ზომის სამაფსიდიანი ეკლესია, რ-იც სამშენებლო მასალით დიდი ტაძრის იდენტურია.

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: ა ფ ა ქ ი ძ ე  ა., ა გ რ ბ ა  ზ., ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1970–1971 წლების საველე სამუშაოთა ანგარიში, წგ.: დიდი პიტიუნტი. არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, ტ. 2, თბ., 1977.