ალბოვი ნიკოლოზ მიხეილის ძე [3(15). X. 1866, სოფ. პავლოვო, ნიჟნი-ნოვგოროდის გუბ., - 24. XI (6. XII). 1897, ქ. ლაპლატა, არგენტინა], რუსი ფლორისტ-სისტემატიკოსი, ბოტანიკოს-გეოგრაფი, მოგზაური, კავკასიის, არგენტინისა და ცეცხლოვანი მიწის მკვლევარი.
1890 დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესაში) უნ-ტი. 1888–95 გამოიკვლია დას. ამიერკავკ., ძირითადად კოლხ. ფლორა, რასაც მიუძღვნა ფუნდამენტური ნაშრომი „მასალები კოლხეთის ფლორისათვის“ (1895); მასში 1500-ზე მეტი კავკ. სახეობაა შეტანილი, მ. შ. ბევრი ახალი. პირველმა გამოავლინა კოლხ. ფლორის ენდემიზმი და მცენარეულობის თავისებურება ნაშრომში „კოლხეთის მცენარეულობის ნარკვევები“ (1896). 1895 ა. გადასახლდა არგენტინაში; შეისწავლა ცეცხლოვანი მიწისა და არგენტინის ფლორა და მცენარეულობა. მისი სახელი დაერქვა მცენარეთა რამდენიმე ახალ სახეობას, აგრეთვე ტბას მდ. მზიმთის ხეობაში (დას. კავკასიონი).
ზ. ღვინიანიძე