ალერგოლოგია (ბერძნ. Allos – სხვა, ergon– მოქმედება, logos– მოძღვრება), მეცნიერება, რ-იც შეისწავლის ალერგიულ დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ალერგია ორგანიზმის შეცვლილი მგრძნობელობაა ამა თუ იმ ნივთიერების, ე. წ. ალერგენის (უცხო ცილა, ყვავილის მტვერი, საკვები პროდუქტი, ცხოველის ბეწვი, სამკურნ. პრეპარატი, ქიმ. ნივთიერება და სხვ.) მიმართ. ალერგენული ბუნებისა შეიძლება გახდეს აგრეთვე თვით ორგანიზმის რომელიმე ქსოვილი. საკუთარი ქსოვილოვანი კომპონენტების – ავტოალერგენებისადმი განვითარებულ ა-ს ავტოალერგია ეწოდება. ალერგიული დაავადებებია შრატისმიერი დაავადება, ბრონქული ასთმა, თივისმიერი ცხელება, ჭინჭრის ცხელება, ატოპიური დერმატიტი, წამლისმიერი ა. და სხვ. ავტოალერგიული ბუნებისაა რევმატიზმი, რევმატოიდული პოლიართრიტი, დიფუზიური გლომერულონეფრიტი. ზოგიერთი ინფექციური დაავადების დროს ა. ერთვის ძირითად პროცესს. ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი გამოვლენაა ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვის შემდეგ განვითარებული ქსოვილოვანი შეუთავსებლობა. XX ს. დასაწყისში ორგანიზმის რეაქციულობის შეცვლის პრობლემით მრავალი მეცნიერი იყო დაინტერესებული. აღსანიშნავია შ. რიშეს (1902), მ. ართიუსის (1903), თ. სმითის (1904), გ. სახაროვის (1905) დაკვირვებები კლინიკურ პათოლოგიასა და იმუნოლოგიაში. 1906 ავსტრ. კ. პირკემ ბ. შიკთან ერთად აღწერა ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობა დიფთერიის საწინააღმდეგო ანტიტოქსიკური შრატისადმი და მას შრატისმიერი დაავადება უწოდა. მანვე ბიოლოგიასა და მედიცინაში შემოიტანა ალერგიის ცნება (1906). ა-ის განვითარებას ხელი შეუწყო რუსი მეცნიერების - ა. ბეზრედკას, ა. აბრიკოსოვის, ნ. სიროტინინის, ა. ზდროდოვსკის, ა. ადოს გამოკვლევებმა. ა. მჭიდროდაა დაკავშირებული მედ. ყველა დარგთან, განსაკუთრებით იმუნოლოგიასთან, მიკრობიოლოგიასთან, ჰიგიენასთან, პათოფიზიოლოგიასთან, კლინიკური დისციპლინებიდან – თერაპიასთან, პედიატრიასთან, დერმატოლოგიასთან, ინფექციურ სნეულებებთან და სხვ. იგი უპირატესად კლინიკური დისციპლინაა, რ-ის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ექსპერ. ა. ეს უკანასკნელი ალერგიული დაავადებების (რექაციების) განვითარების მექანიზმის შეცნობის საფუძველია. ექსპერ. ა. იყენებს კვლევის იმუნოლოგიურ, ბიოქიმ., პათოფიზიოლ., იმუნოგენეტ. და მორფოლ. მეთოდებს. საქართველოში ალერგიის პრობლემის მიზანდასახული შესწავლა დაიწყო 1964-იდან, მას შემდეგ, რაც თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტში ჩამოყალიბდა ა-ის კურსი (1974-იდან გადაკეთდა ა-ის კათედრად). ალერგიული დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფთა სამკურნ. და პროფილაქტ. დახმარების უზრუნველყოფის მიზნით რესპუბლიკაში ჩამოყალიბებულია ალერგოლოგიური სამსახური, რ-ის ძირითადი რგოლია ალერგოლოგიური კაბინეტები. ასეთი კაბინეტები გახსნილია და ფუნქციონირებს დიდ ქ-ებსა და რ-ნულ ცენტრებში, გარდა ამისა, მძიმე ავადმყოფები დახმარებას ღებულობენ სპეცილიზებულ ალერგოლოგიურ სტაციონარებში, რ-ებიც ჩამოყალიბებულია თბილისში ნ. ყიფშიძის სახ. რესპ. ცენტრ. კლინიკურ საავადმყოფოსა და აკად. ე. ფიფიას სახ. რკინიგზის საავადმყოფოში. ალერგიის პრობლემასთან დაკავშირებული სამეცნ.-კვლ. მუშაობა ა-ის კათედრასთან ერთად ტარდება საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ზოგიერთი სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (პედიატრიის, თერაპიის, პროფ. დაავადებათა, დერმატოლოგიის, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის) განყ-ბებსა და ლაბორატორიებში. საქართველოში შესწავლილია ცალკეულ გეოგრ. რ-ნებში ალერგიული დაავადებების გავრცელების სიხშირე და მათი კავშირი ბუნებრივ, კლიმატურ, სოც.-ეკონ. პირობებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვებითი და მცენარეული წარმოშობის ალერგენების სპეციფიკურობის შესწავლას. შემუშავებულია მოსახლ. სამკურნ.-პროფილაქტ. დახმარების ღონისძიებათა კომპლექსი (გ. გურგენიძე, ა. კავილაძე, ი. გეგეშიძე, ბ. მაჭავარიანი, რ. ლაბაძე); შესწავლილია ბრონქული ასთმის ცალკეული ფორმების იმუნოლოგიური მექანიზმი ინფექციის, მემკვიდრეობითობისა და კონსტიტუციური ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე. წ. ბრონქული ასთმის ატოპური ფორმის სპეციფ. და არასპეციფ. მკურნალობის პათოგენეზური მექანიზმების შესწავლას (გ. გურგენიძე, ა. გამყრელიძე, ქ. ცინცაძე, მ. გზირიშვილი, ნ. გუნია, მ. გოთუა), მათ თავისებურებებს ბავშვთა ასაკში (ი. ფაღავა, მ. მჭედლიშვილი, თ. ჭურაძე, ს. ბახტაძე, გ. ბელეშაძე, ა. თელია), გამოვლენილია ვირუსების როლი IgE - გაშუალებული ალერგიული რეაქციების მექანიზმში (გ. ხეჩინაშვილი); შემუშავებულია ბაქტერიოფაგით ზედა სასუნთქი გზების ალერგიულ დაავადებათა მკურნალობის მეთოდი (ლ. ტყეშელაშვილი, ნ. იაშვილი) და სხვ.
გ. გურგენიძე