გორული

გორული კოშკი XVII ს.
გორული "წმინდა ნიკოლოზის" ეკლესია XVII ს. II ნახევარი

გორული, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქვემო ქართლში, სოფ. ოფრეთის მახლობლად (მარნეულის მუნიციპალიტეტი), ნასოფლარ გორულში. აქ, მთის დამრეც კალთაზე, საცხოვრებელ ნაგებობათა ანსამბლი ყოფილა, რისგანაც შემორჩენილია კოშკი, საცხოვრ. ნაგებობათა ნანგრევები და ორი ეკლესია. ნატეხი ქვით ნაგები ე. წ. ზემო ეკლესია ღვთისმშობლის სახელზეა აგებული (მოსახლეობა მას „წმინდა ნიკოლოზს" უწოდებს). გეგმით სწორკუთხა ერთნავიან შენობას შიგნით, აღმოსავლეთის მხარეს, ნახევარწრიული აფსიდი აქვს. სამხრ-ით, დას-ით და ჩრდ-ით კედლების ნაშთია შემორჩენილი (შესაძლებელია, კარიბჭეებისა და ეკვდერებისა). შესასვლელების ჩუქურთმა ტლანქია. სამხრ. შესასვლელის ტიმპანზე მოთავსებული წარწერის თანახმად, მისი შენება დაწყებულა XVII ს. II ნახევარში ქსნის ერისთავის ქალის, დარეჯანის თაოსნობით როსტომ მეფის დროს და დაუმთავრებიათ გიორგი XI-ის მეფობაში. ნატეხი ქვით ნაგები ქვემო ეკლესიაც ერთნავიანია. ჩრდილოეთის მხარეს მცირე მინაშენი აქვს. მიეკუთვნება XVI–XVII სს. გეგმით ოთხკუთხა ხუთსართულიანი კოშკი (სავარაუდოდ XVII ს.) უდიდესია მაშინდელ კოშკთა შორის. ნაშენია შედარებით წვრილი, შერჩეული ნატეხი ქვით, უფრო მოზრდილი ქვები კუთხეებშია დაყოლებული, შესასვლელი კი (II სართულზე) თლილ ქვაშია ჩასმული. საფასადო კედლებზე ნაკერები ბათქაშით არის შევსებული, ქვის ნაპირებიც დაფარულია. ყოველ სართულზე ქვის კამარით გადახურული თითო წაგრძელებული ოთახია, II–III და IV სართულებს შორის კედელს მიუყვება ვიწრო ქვის კიბე. მხოლოდ V სართულზე ადიოდნენ მისადგმელი კიბით. საცხოვრებლად IV სართული იყო გამოყენებული – აქვს დიდი ბუხარი, ფართო სარკმლები, თახჩები და სხვ. კოშკს მრავლად ჰქონდა სათოფურები.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; მ ი ს ი ვ ე, XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.

ვ. ბერიძე