ალექსანდრე I დიდი (დაახლ. 1390–1442), საქართველოს მეფე 1412–42. კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე.
ზრდიდა ბებია რუსა (იხ. ამირეჯიბი რუსა). გამფებამდე ა. I-ს უთანხომება ჰქონდა მამასთან და შეფარებული იყო სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან. მეფობის პირველსავე წლებში მოუხდა თურქმენთა შემოტევების მოგერიება. მხოლოდ 1415-იდან დამყარდა საქართველოში მშვიდობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურლენგისა და თურქმანების შემოსევების შედეგად განადგურებული ქვეყნის აღდგენას, დაქცეული ციხე-ქალაქებისა და ეკლესია-მონასტრების განახლებას. რაკი სახელმწ. ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 შემოიღო საგანგებო დროებითი საკომლო გადასახადი (კომლზე 40 თეთრის რაოდენობით, გააუქმა 1440) და შემოსავლით აღადგინა დანგრეული ძეგლების ნაწილი (სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და ზოგიერთი სხვა). ა. I ცდილობდა საქართვ. ადრინდ. საზღვრების აღდგენას. 1431 შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რ-იც მანამდე თურქმან მომთაბარეებს ეპყრათ. 1434–35 შემოერთა სივნიეთი (ახლანდ. ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან საქართვ. შეთხელებულ მოსახლეობას 60 ათ-ზე მეტი კომლი შესძინა. ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში. ქვეყნის ერთიანობის განსამტკიცებლად ა. I-მა სცადა ქართ. საეკლ. ორგანიზაციის მოწესრიგებაც. აღადგინა შერყეული საეკლ. მიწათმფლობელობა. განაახლა ქართ. მონასტრები უცხოეთში. გამეფების პირველსავე წლებში (1412–15) ალაგმა ურჩი მთავრები – დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი ივანე ჯაყელი. ა. I-მა გადააყენა ზოგიერთი ერისთავთერისთავი და მათ ადგილზე ბატონიშვილები – ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი დანიშნა. ამან საწინააღმდეგო შედეგი გამოღო – მეტისმეტად გაიზარდა ბატონიშვილების როლი ქვეყნის პოლიტ. ცხოვრებაში. ისინი მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ. მათ ირგვლივ ჯგუფდებოდნენ დიდგვაროვანი აზნაურები, რ-თა ინტერესები განსაზღვრავდა ფაქტობრივად ბატონიშვილთა მოქმედებასა და პოლიტიკას. ა. I იძულებული იყო სახელმწ. ღონისძიებების გატარებისას გაეთვალისწინებინა ბატონიშვილებისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრების ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები ადრინდულად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრების სახელითაც, რაც ცენტრ. ხელისუფლების შესუსტებას მოწმობდა. სამეფო კარზე შექმნილი ვითარების გამო ა. I ტახტიდან გადადგა და 1442 ბერად შედგა ათანასეს სახელით.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი ნ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან «თსუ შრომები», 1963 ტ. 78; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV–XVII სს.), წგ. 2, თბ., 1965; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.
ნ. ასათიანი