ალექსანდრე IV (გ. 1695), იმერეთის მეფე 1683–95, მეფე ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი.
1681, როცა ბაგრატი გარდაიცვალა, ა. IV ქართლის მეფის, გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა, ამით ისარგებლა გიორგი გურიელმა და იმერეთის ტახტი მიიტაცა. იმერეთის დიდებულებისა და, გიორგი XI-ის შუამდგომლობით ოსმ. სულთანმა იმერეთის ტახტი ა. IV-ს უბოძა და იგი ახალციხის ფაშის დახმარებით გამეფდა. პოლიტ. მიზნით, მან თავისი და დარეჯანი მიათხოვა პაატა აბაშიძეს, რ-ის გავლენას მთელი ზემო იმერეთი ემორჩილებოდა. 1684 გიორგი გურიელმა ისევ სცადა იმერეთში გამეფება. გურიელს მიემხრო რაჭის ერისთავი შოშიტა II, ოდიშის მმართველი გიორგი ლიპარტიანი, ბეჟან ლორთქიფანიძე, ჩიჯავაძენი და სხვ. ა. IV-ის მხარეზე დარჩნენ პაატა აბაშიძე და მიქელაძენი. როკითის ბრძოლაში 1684 ა. IV-მ დაამარცხა გურიელი და მისი მომხრეები. 1689, როცა გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ა. IV-მ შაჰთან დაამყარა ურთიერთობა, რაც ოსმ. ვასალობაზე უარს ნიშნავდა. ამის გამო სულთანმა მას მეფობა ჩამოართვა (1690, აგვისტო). ა. IV ქართლში გადავიდა და გორს დადგა. ქართლში ახლად გამეფებული ერეკლე I-ის მეცადინეობით ირან. შაჰმა ოსმ. სულთანთან უშუამდგომლა და 1691 ა. IV კვლავ აღადგინეს იმერეთის ტახტზე. ა. IV-ის დროს გაძლიერდა ფეოდ. ანარქია. გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა. მორალურად დაქვეითდა ფეოდ. არისტოკრატია. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ა. IV იყო „ხელად მქცევი ცუნდრუკი, უღთო, ტყვისმყიდველი“. 1695 ა. IV-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო მისივე სიმამრის – გიორგი აბაშიძის ხელმძღვანელობით. შეთქმულებმა სკანდის ციხეში შეიპყრეს ა. IV და გიორგი XI-ს გადასცეს, რ-ის ბრძანებითაც იგი რუისში მოკლეს და იქვე ეკლესიაში დამარხეს.
წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე» 1925, [ტ.] 2; ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, ნაწ. 2, ზ. ჭიჭინაძის გამოც., ტფ., 1913.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV–XVII სს.), [წგ.] 2, თბ., 1965; რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი მ., დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში, თბ., 1978; მისივე, იმერეთის სამეფო (1462–1810 წწ.), თბ., 1989; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. ჯამბურია