ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე [20. X (1. XI). 1840, თბილისი, - 27. V (9. VI). 1908, ქვემო ჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი], პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე.

პუბლიც. წერილებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა „დროებაში“, „ივერიაში“. 1903-იდან „კვალის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო. 70-იან წლებში მაზრის უფროსად მსახურობდა ახალციხეში, დააარსა ქალთა სასწავლებელი, ხელმძღვანელობდა აბასთუმნის საკურორტო მშენებლობას, დახმარება აღმოუჩინა იტალ. მხატვარს პრემაცოს ვარძიისა და საფარის სამონასტრო კომპლექსების შესწავლაში. 90-იან წლებში მაზრის უფროსი იყო თიანეთში, 1902-იდან - დუშეთში. ზრუნავდა ფშავ-ხევსურეთში გზების გაყვანაზე. 1893 ნ. ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენებისას გამოაქვეყნა მამის - იაკინთეს არქივში დაცული მასალა პოეტის შესახებ. 90-იან წლებში სოხუმში ხელმძღვანელობდა ქართ. სკოლის გახსნას, მის სასარგებლოდ მართავდა ლიტ.-დრამ. საღამოებს. 900-იან წლებში ქვემო ჭალაში დააარსა ბ-კა, უზრუნველყო ბინით (გადასცა საკუთარი სახლი და წიგნები). 1902 რუსულად თარგმნა და 1903 გამოსცა ი. ჭავჭავაძის „სომეხთა მეცნიერნი ანუ ქვათა ღაღადი“. 1904 „ივერიაში“ გამოაქვეყნა თეორ. ნაშრომი - „ისტორიული პიესის წარმოდგენის გამო“, აგრეთვე ეთნოგრ. ხასიათის თხზულება.

დაკრძალულია სამთავისის ტაძრის გალავანში.

ლიტ.: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. შეადგინა, წინასიტყვ., შენიშვნები და საძიებელი დაურთო ს. ხუციშვილმა, წგ. 1, თბ., 1961.

ს. ხუციშვილი