ალი ბეი ალ-ქაბირი (1728 – 8. V. 1773), ეგვიპტის მამლუქი მმართველი 1763–72.
დაიბადა აფხაზეთში, ქართველი მღვდლის ოჯახში, სახელად იოსები ერქვა. 1741 მოიტაცეს და ეგვიპტეში ვინმე ვაჭარ კიურდ აჰმადს მიჰყიდეს, რ-მაც იგი ტომით ქართველს, მაღალი თანამდებობის სახელმწ. მოხელეს, იბრაჰიმ ქაჰიას უფეშქაშა. ა. თავისი ნიჭის წყალობით მალე დაწინაურდა. 1763 იგი სრულიად ეგვ. მამლუქთა ხელისუფლების თავკაცად – „შაიხ ალ-ბალადად“ აირჩიეს. რუს.-ოსმ.(1768 – 74) ომის დროს რუსეთს დაუკავშირდა, დაარღვია ოსმალეთთან 1517 ხელშეკრულება (რ-ის თანახმად ომის დროს ეგვიპტეს 12 ათ. მეომარი უნდა გამოეყვანა ოსმალების დასახმარებლად), ფაშა კაიროდან გააძევა, 1769 ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ილაშქრა არაბეთში და ჰიჯაზი შემოიერთა, რისთვისაც მექა-მედინის შერიფმა აბდ ალ-ლაჰმა 1771 ეგვიპტისა და წითელ–ხმელთაშუა ზღვების სულთნობა უბოძა და მეტსახელად „ქაბირი“ („დიდი“) უწოდა.
1772 გაათავისუფლა პალესტინა, ლიბანი და სირიის სამხრ. ნაწილი დამასკის ჩათვლით. მამლუქ მხედართმთავართა ერთი ნაწილი აბუ ზაჰაბის მეთაურობით განუდგა მას. ა. შეებრძოლა განდგომილთ, დამარცხდა და აკაში გაიქცა. შემდეგ რუსების სამხ. დახმარებით გადაახალისა ჯარი და 1773, ხელისუფლების აღდგენის მიზნით, მეამბოხე ბეგების წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ სამიჰიას ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.
მოკლეს კაიროში.
ლიტ.: ლუზინიანი ს., ოსმალეთის პორტას წინააღმდეგ ალი ბეის აჯანყების ისტორია (ინგლისურ ტექსტს შესავ. წაუმძღვარა, ქართული თარგმ. და შენიშვნები დაურთო ბ. სილაგაძემ), თბ., 1973.
ბ. სილაგაძე