ალიშარ-ჰუიუქი

ალიშარ-ჰუიუქი (Alisar Hüyük), მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, ნამოსახლარი ბორცვი ცენტრ. ანატოლიაში, ქ. იოზგათის მახლობლად (თურქეთი).

1927–32 გათხარა ჩიკაგოს უნ-ტის ორიენტალური ინ-ტის ექსპედიციამ (ხელმძღვ. ჰ. ოსტენი, ე. შმიდტი). გამოიყო ა.-ჰ-ის I–VII ძირითადი კულტ. ფენები და I–XXX სამშენებლო ფენები, რ-ებიც მოიცავს ეპოქებს ძვ. წ. 3500-იდან სელჩუკთა და ოსმალთა ხანის ჩათვლით. ა.-ჰ-ის შესწავლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბრინჯაოს ხანის ანატოლიური კულტ. ქრონოლოგიური კლასიფიკაცია. მისი ადრინდ. ფენების ზოგიერთი მასალა მიჩნეულია საქართვ. და კავკ. არქეოლ. ძეგლების აბსოლ. ქრონოლოგიის საყრდენად. ალიშარ II და III ფენებში აღმოჩენილი ჰემატიტის მსხლისებური ფორმის ლახტისთავები და ბრინჯაოს ფართოყუნწიანი მოგრძო სამკუთხა ფოთლისებური სატევარი ძალიან ჰგავს თრიალეთის ადრინდ. ბრინჯაოს ხანის გორასამარხებში ნაპოვნ ანალოგიურ ნივთებს. ა.-ჰ-ის ამავე ფენებში დადასტურებული ე. წ. კაპადოკიური კერამიკის მოხატულობის გავლენა ჩანს თაზაქენდისა და ნორ-ბაიაზეთის (სომხეთი) სტილის მოხატულ კერამიკაში, აგრეთვე თრიალეთური კერამიკის მოხატულობის ზოგიერთ ელემენტში. ა.-ჰ-ის ტიპის ადრეულ კაპადოკიურ კულტურებს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ამიერკავკ. კულტურებთან, განსაკუთრებით სპილენძ-ბრინჯაოსა და რკინის მეტალ. სფეროში. ა.-ჰ-ისა და ალიშარის სამაროვნებზე გვხვდება მსოფლიოში უძველესი რკინის ნივთები, რ-ებიც ძვ. წ. XXI ს-ით თარიღდება.

ლიტ.: გ ო გ ა ძ ე  ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბ., 1972; К у ф т и н  Б. А., Археологические раскопки в Триалети, [кн.] 1, Тб., 1941; O s t e n  H. H. Schmidt E. F., The Alishar Hüyük, «Oriental Institute Publications…», Chicago, 1930, v. 6, 1937, v. 29; Schmidt E. F., Anatolia through the Ages, Chicago, 1931.

ე. გოგაძე