ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი, დაავადება, რ-საც იწვევს სპირტიანი სასმელების სისტემატური და ხანგრძლივი სმა; ავადმყოფური ლტოლვა სპირტიანი სასმელებისადმი, ნარკომანიის სახე.

ფართო გაგებით – წრესგადასული სმა, ლოთობა, რ-იც მავნე გავლენას ახდენს პიროვნების ჯანმრთელობასა და საზ. ცხოვრებაზე, იწვევს შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას, დანაშაულობათა ზრდას, ოჯახის დაშლას, საწარმოო და ყოფით ტრავმატიზმს, ხელს უწყობს მრავალი დაავადების განვითარებას. სამედ.-ბიოლ. თვალსაზრისით ა., ანუ ქრონ. ა. არის დაავადება, რ-იც ხასიათდება სპირტიანი სასმელების იძულებითი (აუცილებელი) მოხმარებით. ავადმყოფის ფსიქ. და ფიზ. დამოკიდებულება სასმელებისადმი გამოიხატება მათი გამუდმებული, უწყვეტი ან პერიოდული მიღებით, მათ მიმართ ტოლერანტობის (ამტანიანობის) მომატებით და უეცარი აღკვეთის დროს ფუნქციურ მოშლილობათა განვითარებით, რასაც აბსტინენციური სინდრომი ეწოდება. ქრონიკულ ა-ს ხშირად მოსდევს პიროვნების დეგრადაცია, მწვავე და ქრონ. ფსიქოზური მდგომარეობა. ა-ს და მის მავნე შედეგებს კაცობრიობა მრავალი საუკუნეა იცნობს. უძველესი დროის საქართველოში უკვე არსებობდა ცნობები ღვინის სმის რეგლამენტაციის შესახებ. „ასურელ მამათა ცხოვრებაში“ (VI ს.) ღვინო ბოროტების ძირად არის მიჩნეული. ასეთივე ცნობები მოიპოვება იოანე ბოლნელის (X–XI სს.), გიორგი მთაწმინდელის (XI ს.), ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის (XV ს.), სულხან-საბა ორბელიანის (XVII ს.) შრომებში. XIX და XX სს-ში ა. ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. საქართვ. რესპუბლიკაში ა-ის მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. აღნიშნული მდგომარეობა განპირობებული უნდა იყოს გარკვეული ეთნ.-ფსიქოლ. თავისებურებებით და იმ გარემოებით, რომ საქართველოში უპირატესად ყურძნის ღვინოს იყენებენ. კლინიკური და ექსპერ. გამოკვლევებით კი დადგენილია (ბ. ნანეიშვილი, შ. გამყრელიძე, ა. მამარდაშვილი, ა. გამყრელიძე, ე. კავსაძე), რომ ღვინო შედარებით ნაკლებტოქსიკურია, ვიდრე მაგარი სასმელები (არაყი, კონიაკი და სხვ.). ლოთობისა და ა-ის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს საზ., ადმ. და სამედიცინო ზემოქმედების ეფექტური ღონისძიებების გატარებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ლოთობისა და ა-ის საწინააღმდეგო პროპაგანდას რადიოს, ტელევიზიის, კინოსა და პრესის მეშვეობით, ფიზკულტ. და სპორტის ფართოდ დანერგვას მასებში, შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ა-ს სახელმწიფო ებრძვის სამართ. ღონისძიებებითაც. თუ ა-ით დაავადებულმა დანაშაული ჩაიდინა, მისი იძულებითი მკურნალობა ხორციელდება სასჯელის მოხდის პერიოდში. დანაშაულის სიმთვრალეში ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოში ა-ის პრობლემებს შეისწავლიან მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, რ-ის ბაზაზე ჩამოყალიბებულია ნარკოლოგიური ცენტრი, სამკურნ. დახმარება ხორციელდება რესპ. ნარკოლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში, ფსიქიატრიული საავადმყოფოების (თბილისი, ბედიანი, ქუტირი, სოხუმი) ნარკოლოგიურ განყ-ბებში, ნარკოლოგიურ დისპანსერებში (სოხუმი, ბათუმი, ქუთაისი), რ-თაც სპეციალიზებული სტაციონარები აქვთ, აგრეთვე რ-ნების პოლიკლინიკებთან არსებულ ნარკოლოგიურ კაბინეტებში. ა-ის საკითხებს შეისწავლის აგრეთვე საქართვ. რესპ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნ.-კვლ. ცენტრი.

ლიტ.: გ ო ბ რ ო ნ ი ძ ე  ე., აკოჰოლიზმი ჯანმრთელობის მტერია, თბ., 1955; ზ უ რ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ა., კლინიკური ფსიქიატრია, თბ., 1963; მ ა კ ა რ ი ძ ე  ა., ნარკომანიები, თბ., 1964; ნ ა ნ ე ი შ ვ ი ლ ი  ბ., ლოთობა და ალკოჰოლიზმი, თბ., 1988.

ბ. ნანეიშვილი

ა. გაბიანი