ალპანა, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტის ალპანის თემში (რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი), მდ. რიონის მარჯვ. მხარეს, ლაჯანურის შესართავთან, ცაგერ–ქუთაისის საავტ. გზაზე. ზ. დ. 560 მ, ცაგერიდან 22 კმ. 180 მცხ. (2014).
სოფელში არის მინერ. წყარო. ისტ. წყაროებით – არპანა. XIII–XIV სს-ში აქ ლაბეჭინის მოძღვარს, გაბრიელ ლაბეჭინელს ეკლესია აუშენებია, შიგნიდან მოუხატვინებია, ხატები დაუსვენებია და წიგნები შეუწირავს. როგორც ჩანს, ა-ის ეკლესია ლაბეჭინის საყდარს ექვემდებარებოდა კიდეც. წმ. გიორგის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია დღეისათვის ძლიერ დაზიანებულია. იგი გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა, რ-საც აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი ერთი საფეხურით არის შემაღლებული. კედლები ნაგებია დიდი ზომის თეთრი კლდის ქვით. გარედან შემოსილია კარგად გათლილი შირიმის ქვით, რ-იც გამოყენებულია აგრეთვე კარის წირთხლებისა და აფსიდის ამოსაყვანად. ეკლესიის მახლობლად დიდი ზომის, გეგმით სწორკუთხა ნაგებობის ნაშთია. კომპლექსს გარს ერტყა გალავანი. ეკლესია ა-ისა და სოფ. აჭარის საერთო სალოცავია და მას შხუდალას ეძახიან. მის მახლობლადაა პეტკარის ციხე, რ-საც გაბრიელ მოძღვარი „ზეგანთა ციხის“ სახელით იხსენიებს. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს ა-ის ხიდი (აღარ არსებობს). ა-ის მიდამოებშია შუა საუკ. გამოქვაბულები.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ბ ა ნ ძ ე ლ ა ძ ე ი., ს უ რ ა მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.