ალპური მცენარეულობა, მაღალმთის მცენარეულობა, რ-იც დამახასიათებელია ძირითადად ნემორალური ზონის მაღალმთიანეთისათვის (ალპები, კარპატები, კავკასიონი და სხვ.), ჰიმალაისა და ზოგიერთი სხვა სუბტროპიკებისა და ტროპიკების მაღალმთიანეთისათვის.
საქართველოში ა. მ. გვხვდება კავკასიონზე და სამხრ. მთიანეთში ზ. დ. 2400–2500 მ-იდან 3000–3100 მ-მდე. ა. მ-ის ტიპური ფიტოცენოზებია ალპ. მდელოები, ალპ. ხალები, ბუჩქნარი, კლდე-ნაშალის და წყლისა და ჭაობის მცენარეულობა. უფრო ფართოდაა გავრცელებული დაბალი მკვრივკორდიანი მარცვლოვნებისაგან შექმნილი თანასაზ-ბები (მდელოები): ძიგვიანები – ნაკლებად დაქანებულ ფერდობებზე და გავაკებულ ადგილებში, გართხმულწივანიანები, ისლიანები და იშვიათად კობრეზიანები – ქედების თხემებსა და პოლიგონებზე, საიდანაც ზამთრის ქარი თოვლს ხვეტს. ალპ. სარტყლის ძლიერ ციცაბო სამხრ. ფერდობები ძირითადად ჭრელწივანიან ფიტოცენოზებს უკავიათ, შედარებით ნოტიო პირობებში ფართოდაა გავრცელებული აგრეთვე (განსაკუთრებით კავკასიონის დას. ნაწილში) ნაირბალახოვანი მდელოს ფორმაციები, რ-ებსაც ქმნის უფრო ხშირად ნემსიწვერა (შიშველღეროიანი და ქართ. ნემსიწვერა), მზიურა, მთის ბარისპირა, ვორონოვია და სხვ. ძლიერ გაძოვილ ადგილებზე განვითარებულია შხამას, მარმუჭების და ფესვმაგარას ფიტოცენოზები. ხშირად ა. მ-ს ქმნის ჭრელი თივაქასრას, მახრჩობელას თანასაზბები, რ-ებიც უფრო დამახასიათებელია სუბალპ. სარტყლისათვის. ალპ. სარტყლის ზედა ზოლში, ძვ. მყინვარულ ცირკებზე განვითარებულია ე. წ. ალპ. ხალები – დაბალი, ძირითადად ნაირბალახებისაგან (ბაია, მარწყვაბალახა, ბაბუაწვერა, მარმუჭი, ცერასტიუმი და სხვ.) შექმნილი თანასაზ-ბები. ალპ. ხალები ვითარდება აგრეთვე ღორღიან სუბსტრატზე. ალპ. ხალებზე მოყვავილე მცენარეები ზაფხულის პერიოდში ძალიან ჭრელ ასპექტს ქმნიან. ა. მ-ში დიდ როლს თამაშობს ჩრდ. ფერდობებზე გავრცელებული დეკიანები. დეკას გარდა, მასში გვხვდება წითელი მოცვი, ლურჯი მოცვი, კეწერა, ტირიფის ზოგიერთი სახეობა და სხვ. კლდისა და ნაშალის მცენარეულობა ალპ. სარტყელში გვხვდება როგორც შიშველ კლდეებზე და მათ ნაპრალებში, ისე ნაშალებზე, მორენებზე და ქვაყრილებს შორის (წინწკალა, არენარია, მაჩიტები, ყვითელყვავილა ია). ყველა ეს სუბსტრატი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან და მათი ფლორაც შესატყვისად მრავალფეროვანია. განსაკუთრებით მდიდარია ენდემური სახეობებით (ძაკუს მაჩიტა, ენგურის მაჩიტა) კირქვიანები, ყველა მთის ჯიში დაფარულია მღიერებით და ხავსებით. ძალიან ხშირად ალპ. სარტყელში ვხვდებით წყლისა და ჭაობის მცენარეულობას, რ-ის შექმნაშიც მონაწილეობს ისლისა და ჭილის სხვადასხვა სახეობა (დიდბაია, წყლის ვარსკვლავა, სრედინსკია, წყალნაწყენის სახეობები და სხვ.). ა. მ-ს შორის ბევრი კარგი საკვები ბალახი და ლამაზი დეკორ. მცენარეა. ალპ. მდელოს იყენებენ საზაფხულო საძოვრად. ლამაზად მოყვავილე მცენარეების გამოყენება კი შეიძლება დეკორ. მებაღეობასა და მეყვავილეობაში. ა. მ-ის უპირველესი მნიშვნელობა კი მაინც ისაა, რომ ამაგრებს და კორდით ფარავს მთის ფერდობებს, ანელებს ნიადაგის ეროზიულ პროცესებს.
გ. ნახუცრიშვილი