ალტერი

ალტერი (Alter) ფრანც კარლ (27. I. 1749, ენგელსბერგი, – 29. V. 1804), ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე, ევრ. ქართველოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფილოს. დოქტორი.

განაგებდა ვენის უნ-ტის ბ-კას. იქვე კითხულობდა ლექციებს. ვენის ბერძნ. ხელნაწერის მიხედვით გამოსცა ახალი აღთქმა ბერძნულად (1786–87), აგრეთვე ციცერონის, ლუკრეციუსის, ჰომეროსის, პლატონის, თუკიდიდეს თხზულებანი. საყურადღებოა ა-ის შრომა „ქართული ლიტერატურის შესახებ“ (ვენა, 1798), რ-იც უცხოეთში ქართ. ენისა და ლიტ-რის საკითხების მეცნ. კვლევის პირველი ცდაა. მასში განხილულია ქართ. მწერლობის ნიმუშები. ქართ. ბიბლიასთან შედარებულია ბერძნ., სომხ. და რუს. ტექსტები, გაშუქებულია ძვ. ქართ. ენისა და დამწერლობის, ქართ. ენის დიალექტების, სვანური ენისა და მეგრულის ცალკეული საკითხები.

შ. რევიშვილი