ალუმინის მადნები, ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნები, რ-ებიც შეიცავენ ალუმინს ისეთი ქიმიური ნაერთების სახით და ისეთი კონცენტრაციით, რომ მათი სამრეწველო გამოყენება ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად მიზანშეწონილია.
ა. მ-ის ძირითადი სახეობაა ბოქსიტები, აგრეთვე ალუნიტისა და ნეფელინ-აპატიტის მადნები. პოტენციური ა. მ-ია თიხამიწით მდიდარი დისთენიანი, სილიმანიტიანი, ანდალუზიტიანი ფიქლები, ლეიციტები და სხვ. გ. ძოწენიძის ინიციატივით დამუშავებულია აგრეთვე ა. მ-ად მინერალ ანალციმის შემცველი ქვიშაქვების გამოყენების შესაძლებლობა. ანალციმიანი ქვიშაქვები (ანალციმიანი ჰორიზონტი) გვხვდება ქუთაის-გელათის მიდამოებში. იგი განლაგებულია ბათური ასაკის (ე. წ. ზედა ქვიშაქვების დასტის) წვრილმარცვლოვან ნალექებში. შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებულია ლატერიტები (ალუმინსილიკატების გამოფიტვის პროდუქტი), ზოგიერთ კარსტულ ძაბრში დალექილია ბოქსიტები.