ალხაზიშვილი იაკობ ქაიხოსროს ძე (1. I. 1826, გორი, – 3. XI. 1896, თბილისი), ინფანტერიის გენერალი (1891).
1844 დაამთავრა პეტერბ. კადეტთა მე-2 კორპუსი და პრაპორშჩიკის ჩინით დაინიშნა ლაიბგვარდიის პოლკში. მონაწილეობდა რუს. არმიის თითქმის ყველა იმდროინდელ ლაშქრობაში. 1873 მიიღო გენ.-მაიორის წოდება და დაინიშნა კავკ. ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 1877 ა-მა გურიის, იმერეთისა და ენგურის რაზმებით ილორთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალთა დიდი დესანტი, რ-მაც საფრთხე შეუქმნა დას. საქართველოს. 15 ივნ. ოჩამჩირის მახლობლად მან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა უკუქცეულ მტერს და 20 აგვ. ბრძოლით დაიკავა სოხუმი. მონაწილეობდა ალაჯის (ყარსის რ-ნი) ბრძოლაში. რუს. არმიის მიერ ყარსის ციხესიმაგრის გარემოცვის დროს იერიშით აიღო ორი ფორტი და ქუთაისის ქვეითი ათასეულით ქალაქში ერთ-ერთი პირველი შეიჭრა. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის გენ.-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა (1877). შემდეგ იგი მეთაურობდა კავკ. 41-ე ქვეით დივიზიას (1878), კავკ. გრენადერთა დივიზიას (1883) და კავკ. მე-3 საარმიო კორპუსს (1885).
1894-იდან გარდაცვალებამდე იყო რუს. სამხ. საბჭოს წევრი.
ლ. დოლიძე