ამბარისი, ამბარიდი, თაბალის (გვიანდ. ხეთური სამეფო მცირე აზიაში, ძვ. წ. I ათასწლ.) ერთ-ერთი სამთავროს ბით-ბურუთაშის მეფე (დაახლ. ძვ. წ. 722–713), თაბალის მეფის – ჰულის ძე.
თაბალთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, ასურ. მეფემ სარგონ II-მ (ძვ. წ. 722–705) ა-ს თავისი ასული ახათაბიშუ შერთო ცოლად და თან თაბალის მეზობელი ხილაქუს ქვეყანაც უბოძა. ძვ. წ. 713 ა. ასურეთს განუდგა. მან დიპლ. ურთიერთობა დაამყარა თაბალის სხვა სამთავროებთან, აგრეთვე მუშქების ქვეყნისა და ურარტუს მეფეებთან (მითასთან და რუსა I-თან). სიძის ურჩობით განრისხებულმა სარგონ II-მ ააოხრა თაბალი, ხელფეხდაბორკილი ა. სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლებთან, დიდებულებთან და 100 საბრძოლო ეტლთან ერთად ასურეთში გადაასახლა, თაბალში სამეფო ხელისუფლება გააუქმა, ქვეყანას დაადო მძიმე ხარკი, რ-ის აკრეფა ასურ. მოხელეებს დააკისრა.
ლიტ.: ხ ა ზ ა რ ა ძ ე ნ., აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბ., 1978; М е л и к и ш в и л и Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.
ნ. ხაზარაძე