ამბრის ხე, ლიკვიდამბარი (Liquidambar), მცენარეთა გვარი ჰამამელისისებრთა ოჯახისა.
გვარში 4 სახეობაა. მაღალი ფოთოლმცვივანი ხეებია. აქვთ ნეკერჩხლისებრი ფოთლები და უყვავილსაფრო ყვავილი. იზრდება ჩრდ. და ცენტრ. ამერიკაში, მცირე აზიასა და კ. ტაივანზე ტენიან ტყეებში, აგრეთვე მდ-ებისა და ჭაობების მახლობლად. კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ინტროდუცირებულია 3 სახეობა: აღმოსავლური ა. ხ. (L. orientalis), ფორმოზის ა. ხ. (L. Formosana) და ფისოვანი ანუ ამერიკული ა. ხ. (L. styraciflua). ეს უკანასკნელი ხშირად გვხვდება დას. საქართველოში (აჭარა, აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი). მისი სიმაღლე 45 მ აღწევს. საკმაოდ სწრაფმზარდი და კარგი სახეივნო ხეა. რეკომენდებულია ქარსაფრებისათვის. ფოთლები შემოდგომით უვარდისფერდება. აქვს კარგი საავეჯო მერქანი და სურნელოვანი ფისი – ამბარი, რ-საც პარფიუმერიასა და ფარმაკოლოგიაში იყენებენ.
ვ. მირზაშვილი