ამბროსი ნეკრესელი (ერისკაცობაში ზაქარია მიქაძე). (დ. 1728), სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი;
1794–1812 ნეკრესის ეპისკოპოსი იყო. მხურვალედ უჭერდა მხარს ერეკლე II-ის პოლიტიკას. ა. ნ. ლექსებსაც წერდა, თუმცა უმთავრესად ცნობილია, როგორც ბრწყინვალე საეკლესიო ორატორი. მისი ქადაგებანი გამსჭვალულია დიდი პატრ. გზნებით; მათში აისახა 1785 ომარ-ხანის კახეთზე თავდასხმის ისტორია, ლეკების თარეშით გამოწვეული ქვეყნის ჭირ-ვარამი, 1795 აღა-მაჰმად-ხანის გამანადგურებელი შემოსევა, გულისტკივილი საქართველოში არსებული შინააშლილობის გამო და სხვ. ა. ნ. დიდ იმედს ამყარებდა ერთმორწმუნე რუს. დახმარებაზე და ზრუნავდა ერეკლე II-ის პოლიტ. კურსის განმტკიცებისათვის. იგი მიზნად ისახავდა ქვეყნის მძიმე საგარეო და საშინაო ვითარების წარმოჩენას და ამით მრევლის პატრ. აღტყინების გაძლიერებას.
თხზ.: ქადაგებანი და მოძღვრებანი, ტფ., 1881.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ყ უ ბ ა ნ ე ი შ ვ ი ლ ი ს., ამბროსი ნეკრესელი. «ლიტერატურული ძიებანი», 1947, [ტ.] 3.
ნ. მახათაძე