ამბროჯო დელი ანჯოლი (Ambrogio degli Angioli, ლათ. Ambrosio, ფრანგ. Ambroise), ავგუსტინელი ბერი.
მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა ირანში, სადაც 9 წელი დაჰყო. აქედან 7 – ისპაჰანში, შაჰის სასახლეში, 2 კი შირაზში გაატარა. კარგად იცოდა სპარს. ენა. ავგუსტინელ ბერ პეტრესთან ერთად 1628 წ. 1 ივნ. ჩავიდა გორში, სადაც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, თეიმურაზ I-ს გადასცა (1628 წ. 6 ივნ.) ირანში წამებული ქეთევან დედოფლის ნეშტი. დედოფალს ა. დ. ა. შირაზში დაახლოებია, წამების წინ ნუგეში უცია, ქეთევანის მიცვალების შემდეგ სხვა ავგუსტინელებთან ერთად უზრუნია მისი ნეშტის დაცვისათვის.
თეიმურაზმა ავგუსტინელებს საცხოვრებლად და ეკლესიის ასაგებად რამდენიმე სოფელი და ყმა უბოძა. ა. დ. ა-მ გორში ააგო კათოლ. ეკლესია და სახლი. საქართველოში 12 წელი ცხოვრობდა. შემონახულია საქართველოს შესახებ მისი გამოუქვეყნებელი მოხსენება პაპ ურბან VIII-დმი.
ლიტ.: ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ზ., თეიმურაზ I და მისი პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“, პარიზი, 1938; თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.
ბ. გიორგაძე