ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, ოზაკომი (Особый Закавказский Комитет), დროებითი მთავრობის ორგანო ამიერკავკასიაში.
შეიქმნა 1917 წ. 9(22) მარტს თბილისში. მის შემადგენლობაში შევიდნენ IV სახელმწ. სათათბიროს ამიერკავკ. დეპუტატები: კადეტები – ბ. ხარლამოვი (თავ-რე) და მ. პაპაჯანოვი, მუსავატელი მ. ჯაფაროვი, სოციალისტ-ფედერალისტი კ. აბაშიძე, მენშევიკი ა. ჩხენკელი.
ოზაკომი ნიშნავდა სამაზრო და საგუბერნიო კომისრებს, რ-ებიც მას ემორჩილებოდნენ. თანამშრომლობდა მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების ამიერკავკ. ორგანოებთან, სადაც უმრავლესობას მენშევიკები და ესერები შეადგენდნენ. ხელს უწყობდა დროებით მთავრობას შეტევითი ოპერაციები ეწარმოებინა კავკ. ფრონტზე. ორხელისუფლებიანობის პირობებში, ესერულ-მენშევიკურ საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, ა. გ. კ-ს თავი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ მიაჩნდა და „ვეტოს“ უფლებისათვის იბრძოდა.
1917 ოქტ., რუსეთში დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ, ა. გ. კ-ს არსებობის ფორმალური საფუძველი გამოეცალა.
1917 წ. 15 (28) ნოემბ. იგი დაიშალა და რწმუნებანი ამიერკავკასიის კომისარიატს გადასცა.
ლიტ.: ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 1, თბ., 1971; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ა., ნარკვევები რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში (1917–1921), თბ., 1954.
ა. სურგულაძე