ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა (ასფსრ), აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი გაერთიანების ფორმა 1922–36. 1922 წ. 12 მარტს აზერბ., საქართვ. და სომხ. საბჭ. სოციალ. რესპუბლიკების ცაკ-ების სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციაზე დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება ამიერკავკ. საბჭ. სოციალ. რესპუბლიკების ფედერ. კავშირის (ასსრფკ) შექმნის შესახებ. ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა რესპუბლიკებიდან თანაბარი რაოდენობით არჩეულ წარმომადგენელთა სრულუფლებიანი კონფერენცია, აღმასრ. ორგანოდ – სამოკავშირეო საბჭო, რ-ის წევრებს კონფერენცია ირჩევდა. მალე დღის წესრიგში დადგა ამიერკავკ. რესპუბლიკების უფრო მჭიდრო დაახლოების, ასსრფკ-ის ამიერკავკ. საბჭ. ფედერ. სოციალ. რესპუბლიკად გარდაქმნის საკითხი. ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობამ 1922 წ. 13 დეკ. გააფორმა ასფსრ შექმნა, მიიღო მისი პირველი კონსტიტუცია და გადაწყვიტა ამიერკავკ. საბჭ. რესპუბლიკები ერთიანი ფედერ. რესპ. სახით შესულიყვნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამიერკავკ. ფედერაციის შექმნის წინააღმდეგი იყო საქართვ. ხელმძღვ. მუშაკთა ერთი ჯგუფი პ. (ბუდუ) მდივნის მეთაურობით. თავდაპირველად იგი ამიერკავკ. რესპუბლიკების სამეურნეო გაერთიანების, ხოლო შემდეგ რესპუბლიკების ფედერაციის შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდა, მოითხოვდა საქართველოს უშუალოდ შესვლას სსრ კავშირის შემადგენლობაში. ეს მოთხოვნა არ იყო საფუძველს მოკლებული, მაგრამ რკპ (ბ) ცენტრ. კომიტეტმა რამდენჯერმე დაადასტურა ამიერკავკ. რესპუბლიკების მჭიდრო სამეურნეო და სახელმწიფოებრივი გაერთიანების აუცილებლობა და უშედეგოდ დატოვა პ. (ბუდუ) მდივანის ჯგუფის პროტესტები და საჩივრები. ასფსრ გაუქმდა 1936 და აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის საბჭ. სოციალ. რესპუბლიკები უშუალოდ შევიდნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში.
ლიტ.: Первый Закавказский сьезд Советов. Стеногр. отчет, Тфл., 1923; История Советской Конституции в документах (1917 – 1956), М., 1957; За образавание Союза Советских Социалистических Республик. Доклады и материалы, Тб., 1972.
ვ. მერკვილაძე