ამილახვარი ალექსანდრე დიმიტრის ძე (20. X. 1750–1802), საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი.
მამასთან ერთად მონაწილეობდა 1765 შეთქმულებაში (იხ. „მარკოზაშვილის დარბაზი“), რისთვისაც სასტიკად დასაჯეს – მოაჭრეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი. 1771 გაიპარა რუსეთში, იქ დაუკავშირდა ქართლის ტახტის პრეტენდენტს ალექსანდრე ბაქარის ძეს და მასთან ერთად ემზადებოდა საქართველოში სალაშქროდ. 1783 რუს. მთავრობამ შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801 ამნისტიით განთავისუფლდა და საქართველოში მომავალი ასტრახანში გარდაიცვალა.
რუსეთში ყოფნის დროს ა-მა დაწერა პოლიტ. პამფლეტი „გეორგიანული ისტორია“, რ-იც 1779 გამოიცა პეტერბურგში რუს. ენაზე. მასში ავტორი მოგვითხრობს საკუთარ თავგადასავალს XVIII ს. II ნახ. ქართლის საზ.-პოლიტ. მდგომარეობის ფონზე. ა. უარყოფითად აფასებს ერეკლე II-ის მთელ მოღვაწეობას. თხზ. განსაკუთრებით საინტერესოა ქართვ. თავადის პოლიტ. შეხედულებების დასახასიათებლად. ავტორის მსჯელობა სამეფო ხელისუფლებაზე გამსჭვალულია შეუზღუდველი თვითმპყრობელი მმართველისადმი უაღრესი სიძულვილით. ქართ. პოლიტ. აზროვნების ისტორიისათვის უფრო საინტერესოა ა-ის პოლიტ. ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა“. ამ ნაშრომში ა. იძლევა სახელმწიფოებრივი წყობილებისა და მართვა-გამგეობის მისეულ სქემას. ის მოითხოვდა თავადების პოლიტ. უფლებების გაძლიერებას და ეწინააღმდეგებოდა ცენტრალიზებული სახელმწიფოს განმტკიცებას. ა-ის აზრით, სახელმწიფოებრივი მართვა-გამგეობის ესა თუ ის დარგი ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ წარჩინებული საზ-ბის წარმომადგენლებს. ა-ის მსოფლმხედველობაში ასახულია XVIII ს. ფრანგი განმანათლებლების ზოგიერთი პროგრესული იდეა, მაგრამ ეს იდეები ავტორის პრაქტ. მოღვაწეობასთან არ იყო დაკავშირებული. ა-ს ეკუთვნის რუს. ენაზე დაწერილი დრამ. სცენა „ასტრახანში“.
თხზ.: ბრძენი აღმოსავლეთისა..., «მოამბე», 1902, № 2; გეორგიანული ისტორია, თარგმ. გ. ქიქოძისა, «მნათობი», 1939, № 8.
ლიტ.: ა კ ო ფ ა შ ვ ი ლ ი გ., საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან საქართველოში XVIII ს. დასასრულს, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1955, ტ. 1; ა ს ა თ ი ა ნ ი ლ., ვოლტერიანობა საქართველოში, თბ., 1933; გ ე ლ ე ი შ ვ ი ლ ი პ., ალექსანდრე ამილახვარი როგორც პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მოაზროვნე, თბ., 1936.
გ. აკოფაშვილი
გ. იმედაშვილი