ამილახვარი ბარძიმ (ქოიარ) თაყას ძე, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. II ნახევარში, საამილახვროს უფროსი.
მისი ასული თინათინი ცოლად ჰყავდა კახეთის მეფეს ალექსანდრე II-ს. პროთურქ. დასის მეთაური. იბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I-ის წინააღმდეგ. გორისა და ზემო ქართლის ციხეების დაკავებაში დაეხმარა თურქებს. სიმონ I-ის ირანში ტყვეობის დროს ავიწროებდა დედოფალ ნესტან-დარეჯანს. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ (1578) სიმონ მეფემ დააპატიმრა, ჩამოართვა ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში ჩამოსცილდა პოლიტ. ასპარეზს.
ლიტ.: კ ა რ ბ ე ლ ა შ ვ ი ლ ი პ., ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 2, ტფ., 1913; ქ ი ქ ო ძ ე ბ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან, XV–XVIII სს. (საამილახვრო), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის» თბ., 1963, ნაკვ. 35.
ლ. ტუხაშვილი