ამილახვარი ივანე გივის ძე (26. I. 1829, სოფ. ქვემო ჭალა, კასპის მუნიციპალიტეტი, – 29. VIII. 1905, თბილისი,), რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1896).
1850-იდან ჩრდ. კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა. 1853-იდან შამილის წინააღმდეგ იბრძოდა. ყირიმის ომის (1853–56) დროს კავკ. ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაიანდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენ.-მაიორის წოდება.
ა-მა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუს.-ოსმ. ომში (1877–78). 1883 მიიღო გენ.-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1901 – გენ.-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893–97 იყო კავკ. საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები (ჟურნ. „Кавказский сборник“, 1908–09, т. 26–29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან), რ-ებიც შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების შესახებ, რ-ებშიც ა-ს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ა-ის თანამებრძოლების – გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, კ. მამაცაშვილის, მალაქია გურიელისა და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ.
დაჯილდოებულია ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.
რ. მაგრაქველიძე