ამილახორი

ამილახორი, ამირახორი, ამილახვარი (არაბ. ამირ–უფროსი და სპარს. ახორ–საჯინიბო), საქართველოს ერთიანი სამეფოს სამხედრო მინისტრის–ამირსპასალარის მოადგილე, მისი ვეზირი.

საქართველოში ტერმ. „ამილახორი“ შემოვიდა სელჩუკური სამყაროდან, სადაც ის სულთნისა და სასახლის ცხენების ზედამხედველს აღნიშნავდა. ამ ტერმინს შინაარსობრივად შეესატყვისება სპარს. „ახორსალარ“ – საჯინიბოს უფროსი; „ახორსალარი“ გვხვდება XIV–XV სს. ქართ. დოკუმენტებში (ს.-ს. ორბელიანის განმარტებით, იგი მეჯორეს აღნიშნავს).

XII ს. საქართველოში მეფის საჯინიბოს გამგებელი მეჯინიბეთუხუცესი იყო. ამილახორობის დაწესების შემდეგ მეჯინიბეთუხუცესი ა-ს დაექვემდებარა (გამოთქმულია მოსაზრება, რომ ა. იგივე მეჯინიბეთუხუცესი იყო–ვახუშტი ბატონიშვილი, ი. ანთელავა). ა-ს ექვემდებარებოდა სამხ. უწყებაში შემავალი 3 დაწესებულება თავიანთი სამოხელეო შტატებით: საჯინიბო (მეჯინიბეთუხუცესი, მეჯინიბენი, მისრატულთუხუცესი, მისრატულნი), ზარდახანა (მეაბჯრეთუხუცესი, მეაბჯრენი, ზარდახნისუხუცესი, ზარდახნის მწიგნობარი, მოლარე და მეჯინიბე) და სარემო (მერემეთუხუცესი, სარემოს ნაცვალი, მერემენი). მისი ხელქვეითი იყო აგრეთვე ამირჩქარი. ა. მეფის ვეზირი არ იყო, მაგრამ დარბაზობის დროს მას მეფე უმცროსი ვეზირების – მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესის თანაბარ პატივს მიაგებდა. ა. ესწრებოდა აგრეთვე სამეფო საბჭოს – სავაზიროს სხდომას („ვაზირობას“) სათათბირო ხმის უფლებით. საქართვ. ერთიანი ფეოდ. მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ (XV ს.) მოიშალა სახელმწ. უწყებები, მ. შ. ამირსპასალარის სამხ. უწყებაც; ა-მაც დაკარგა სამოხელეო შინაარსი და გვარსახელად იქცა. საისტ. წყაროებში მოხსენიებულია ა-თა ორი საგვარეულო: ერთი სამცხე-საათაბაგოში (XV–XVI სს.) და მეორე – ქართლის სამეფოში (XV–XVIII სს.). ქართლში ა-ის გვარი მიიღო სამცხე-საათაბაგოდან გადმოსახლებულმა ზევდგინიძეთა ფეოდ. სახლმა, რ-საც ეს სახელო ეჭირა XV ს-ში. ქართლის ა-ები იყვნენ დიდებული თავადები და ზემო ქართლის სადროშოს სარდლები. მათ საფეოდალოს საამილახვრო ეწოდებოდა. წყაროებში იხსენიებიან ა-ები: ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელი (1177-მდე), სავარაუდოდ – სარგის მხარგრძელი (1177–85), გამრეკელი თორელი (1185–87), ნავროზ აბაზას ძე (XIII ს. ბოლო), ქვენიფნეველი ქსნის ერისთავი (1373-მდე), ზევდგინიძეები (XV ს.).

წყარო: გარიგება ხელმწიფის კარისა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა  ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII სს., თბ., 1983; მ ე ს ხ ი ა  შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში., თბ., 1975; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6); მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.

ნ. შოშიაშვილი