ამირა

ამირა (არაბ. ამირ – მბრძანებელი, მეთაური, მმართველი), მთავრის შესატყვისი ტიტული აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში.

ისლამამდელ ხანაში (VII ს-მდე) ეწოდებოდა სარდლებს, VII ს. 30-იანი წლებიდან – არაბთა სახალიფოს პროვინციების მმართველებს. ტერმ. „ამირა“ (ძირითადად „ემირის“ ფორმით) გავრცელდა არაბთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში (მაგ., ბუხარის ემირი).

სახალიფოს დაშლის შემდეგ მას ატარებდნენ ადგილ. დამოუკიდებელი მმართველები, რ-ებიც საერო და სას. ხელისუფლებას ახორციელებდნენ. შემდეგ ა-ს საპატიო ტიტული ენიჭებოდათ წინასწარმეტყველ მუჰამადის „ჩამომავლებს“. ა-ებს უწოდებენ საუდის არაბეთის მეფის ვაჟიშვილებს, ა-ებად იწოდებიან ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითის და სხვ. მბრძანებლები. ა-ს მეშვეობით ნაწარმოებია სხვადასხვა ტერმინი: ამირბარი, ამირ ალ-ჰაჯი (მომლოცავთა ქარავნის მეთაური), მირმირანი (ამირთა ამირას სპარს. ვარიანტი), ამირ ალ-მუმინინი (მართლმორწმუნეთა მბრძანებელი), რ-იც ქართ. წყაროებში გვხვდება ამირ-მუმნის ან ამირ-მუმლის ფორმით, აგრეთვე შუა საუკუნეების ქართ. სამოხელეო ტერმინები: ამირსპასალარი, ამირახორი, ამირეჯიბი, და სხვ.

საქართველოში „ამირა.“, როგორც არაბთა ხელისუფლების წარმომადგენლის აღმნიშვნელი ტერმინი, VIII ს-იდან გაჩნდა. თბილ. ა-ს ნიშნავდა ხალიფა ან სამხრ. კავკ. ვალი. IX ს. დასაწყისიდან თბილ. ა-ები იწყებენ ბრძოლას სახალიფოს ცენტრ. ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ბრძოლა ცვალებადი შედეგებით მიმდინარეობდა. მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ IX ს. 80-იანი წლებისათვის, როდესაც ფაქტობრივად ხალიფებისაგან დამოუკიდებელნი ხდებიან, ხოლო X ს. 30-იანი წლებიდან ფორმალურადაც აღარ ემორჩილებოდნენ მის პოლიტ. ხელისუფლებას და მხოლოდ სას. ხელისუფლების უზენაესობას აღიარებდნენ. XI-ში თბილისის გარდა არაბი ა-ები ისხდნენ რუსთავსა და დმანისში. ამავე საუკუნის ბოლოს იხსენიება პირველი ქართვ. ა. ლიპარიტ ბაღვაში. არაბთა ბატონობისაგან თბილისის განთავისუფლების შემდეგ, 1122-იდან, ვიდრე XII ს. ბოლომდე, ა. ერქვა ქალაქის გამგებლად დანიშნულ ქართვ. დიდებულს, აგრეთვე ქართლის გამგებელ ერისთავს.

ქართლისა და თბილ. ა-დ იხსენიება XII ს. ბოლოს აბულასანი. ა-ს მხოლოდ სახელი შერჩა არაბული, ნამდვილად კი საქართვ. მეფის მოხელე იყო და მისი უფლება-მოვალეობა დაახლ. ემთხვეოდა შემდგომი ხანის ქალაქის მოურავის უფლება-მოვალეობას. შუა საუკუნეების საქართველოში თბილისის გარდა ა. სხვა ქ-ებშიც იყო – ქუთაისში, დმანისში, რუსთავში, ჟინვანში. ქალაქის ა-ს თანამდებობიდან განვითარდა ამირთა ამირას თანამდებობა.

ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ვ., თბილისის მმართველობა X–XI საუკუნეებში, «თსუ შრომები», 1964, ტ. 108 – აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, 4; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  მ., ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30; მისივე, თბილისის საამიროს ისტორიიდან, «მიმომხილველი», 1951, [ტ.] 2; მ ე ს ხ ი ა  შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983; მისივე, Города в городской строй Феодальной Грузии XVII–XVIII вв., Тб., 1959.

მ. ლორთქიფანიძე