ამირანაშვილი მედეა პეტრეს ასული (10. IX. 1930, თბილისი, - 2. XII. 2023, იქვე), მომღერალი (სოპრანო), პედაგოგი. საქართვ. (1965) და სსრკ (1976) სახ. არტისტი.
1954 დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ს. ინაშვილის კლასი). იმავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, შ. გუნოს „ფაუსტი“), რის შემდეგაც ამ თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მარო და ეთერი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“), მზია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), ლელა (რ. ლაღიძის „ლელა“), პირიმთვარისა (ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), ტატიანა, აგნესა სორელი და იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „ორლეანელი ქალწული“ და „იოლანტა“), ზემფირა (ს. რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი (საერთაშ. პრემია, ტოკიო, 1970) და მიმი (ჯ. პუჩინის „ჩიოჩიო-სანი“ და „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა, აიდა, დეზდემონა და ელისაბედი (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „ტრავიატა“, „აიდა“, „ოტელო“ და „დონ კარლოსი“), დონა ანა (ვ. ა. მოცარტის „დონ ჟუანი“), ელზა (რ. ვაგნერის „ლოენგრინი“), მიქაელა (ჟ. ბიზეს „კარმენი“) და სხვ.
1991–2006 იყო ქუთაისის საოპერო თეატრის სამხ. ხელმძღვანელი (აქ ამ პერიოდში, ა-ს თოსნობით, საქ-ში პირველად დაიდგა ბეთჰოვენის ოპერა „ფიდელიო“; 1994); 1972-იდან – თბილ. კონსერვატ. პედაგოგი, პროფ. (1982), ემერიტუსი (2009). ეწევა ფართო საკონცერტო მოღვაწეობას. გასტროლებს მართავს საზღვარგარეთ (რუსეთი, გერმანია, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, უნგრეთი, კანადა, ავსტრალია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ფინეთი, ახ. ზელანდია და სხვ.). ა-თვის დამახასიათებელია ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა. მ. გლინკას სახ. საკავშირო კონკურსის ლაურეატი (1962), ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწ. პრემია (1971). ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშ. IV ფესტივალის (მოსკოვი 1957, II პრემია), „მადამ ბატერფლაის“ საერთაშ. პრემია, ოსაკა, 1970;
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები („ხალხთა მეგობრობის ორდენი“ (1986), არის ქუთაისის (2000) საპატიო მოქალაქე, „ხელოვნების ქურუმი“ (2015).
ა. წულუკიძე