ამირანაშვილი შალვა იასონის ძე [26. III (7. IV). 1899, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 9. II. 1975, თბილისი], ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1943), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1959). სსრკ მუზეუმების ეროვნ. კომიტეტისა და მუზეუმების საერთაშ. საბჭოს წევრი (1957).
1922 დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, გ. ჩუბინაშვილი. ა. უნ-ტმა მიავლინა მოსკოვსა და პეტროგრადში, სადაც ბიზანტ. და რუს. ხელოვნებას სწავლობდა დ. აინალოვის, ფ. შმიტის ხელმძღვანელობით ( 1923–25). საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1932 – 75 იყო თსუ-ის, ხოლო 1932–54 თბილ. სამხატვრო აკად. ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრების გამგე, 1936-იდან – ხელოვნ. დოქტორი და პროფესორი.
1939 – 75 ა. საქართვ. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო. 1945 მივლინებული იყო პარიზში 1921 გატანილი ეროვნ. განძის სამშობლოში დასაბრუნებლად. ა., ფართო და მრავალმხრივი მეცნიერი, იკვლევდა არქიტექტურას, კედლის მხატვრობას, მინიატიურას, ჭედურ ხელოვნებას, დაინტერესებული იყო თანამედროვე მხატვრობით; ქართ. ხელოვნ. გარდა, მუშაობდა ბიზანტ., რუს., ირან. ხელოვნების დარგში.
ა. 200-მდე შრომის ავტორია, რ-თაგან აღსანიშნავია ფუნდამენტური თხზ. „ქართული ხელოვნების ისტორია“ (1944). მისი შრომები გამოცემულია რუს და დას. ევროპის მრავალ ენაზე. ა-ის ნაშრომებისათვის დამახასიათებელია კვლევის ფართო დიაპაზონი. ფაქტობრივი მასალის სიუხვე, განმაზოგადებელი დასკვნები. ა-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართვ. ხალხის მატერ. კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. იყო საფრ. სააზიო საზ-ბის წევრი. საქ. სსრ VI და VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს 1990 მიენიჭა შ. ამირანაშვილის სახელი.
თხზ.: უბისი, ტფ., 1929; ბექა ოპიზარი, თბ., 1956; ვეფხისტყაოსანი ძველ ქართულ ხელოვნებაში, თბ., 1968; საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება, თბ., 1968 (გამოც. მე-2, თბ., 1978); ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971 (რუს. ენაზე – 1963); ხახულის კარედი, თბ., 1972; დამიანე. XIV ს. ქართველი მხატვარი, თბ., 1974 (გამოც. მე-2, თბ., 1980); Иранская станковая живопись Тб., 1940; Иранская живопись XVIII–XIX вв., Тб., 1941; История грузинской монументальной живописи, т. 1, Тб., 1957; Грузинская миниатюра, М., 1966; Пиросманашвили, М., 1967; Les émaux de Géorgie, P., 1962.
ა. ჩხარტიშვილი