„ამირანდარეჯანიანი“

„ამირანდარეჯანიანი“, საფალავნო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოები, რ-ითაც დაიწყო საერო ნაკადი ქართულ მწერლობაში და საფუძველი ჩაეყარა ქართული საგმირო-სარაინდო რომანის განვითარებას.

მისი წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. ენობრივი მონაცემების, აგრეთვე სხვა ნიშნების მიხედვით, შექმნილი უნდა იყოს XI–XII სს. მიჯნაზე. „ა.“ კლასიკურ ხანაშივე ყოფილა პოპულარული. „ვეფხისტყაოსნის“ ბიბლიოგრაფიულ სტროფში მის ავტორად მოსე ხონელია მიჩნეული. „ვეფხისტყაოსანშივე“ ვითარდება „ა-ის“ ზოგი მოტივი. თხზულებას იცნობს თამარის მემატიანეც.

„ა-ის“ თორმეტ კარში რამდენიმე სახელოვანი გმირის ამბავია მოთხრობილი. მთავარი პერსონაჟია ამირან დარეჯანის ძე, რ-ის საგმირო-საფალავნო საქმეთა გადმოცემას ხუთი კარი ეთმობა. სხვადასხვა გმირის თავგადასავალთა თხრობა ორგანულად არ არის შეკავშირებული. ამგვარი აგებულება „ა-ს“ უკარგავს მთლიანობას და საფიქრებელს ხდის, რომ ცალკეული ამბები ჩამოყალიბებულია დამოუკიდებლად და მხოლოდ შემდგომ გაუერთიანებიათ.

მკვლევართა დიდი ნაწილი „ა-ის“ ერთ-ერთ ძირითად წყაროდ ხალხ. „ამირანიანს“ მიიჩნევს. „ა-ში“, ისევე როგორც კლასიკური ხანის ქართ. საერო მწერლობის სხვა ძეგლებში, გამოხატულია პატრონყმური საზ-ბის მსოფლმხედველობა; ცენტრალიზებული ფეოდ. სახელმწიფოს დაცვისა და პატრონის ერთგული სამსახურის იდეა, რაც საერთოა კლასიკური ხანის ქართ. ლიტ-რისათვის. წინაა წამოწეული თავგადასავლის, მოქმედების, ხიფათის მოტივები. გმირთა სახეები სქემატურად და ერთფეროვნადაა დახატული: ყოველი მათგანი თითქმის ერთნაირად არის დაჯილდოებული ფიზ. ძალით, სიმარჯვით, დამარცხებულთა შეწყალებისა და გაჭირვებულთა დახმარების უნარით, გულუხვობითა და სხვა რაინდული თვისებებით. ნაკლები ყურადრება ექცევა მათი სულიერი სამყაროს, გრძნობების, განცდების ასახვას. „ა-თვის“ უცხოა ამაღლებული სიყვარულის გრძნობა, მიჯნურობა გულისხმობს ქალის ბრძოლით მოპოვებას. „ა-ს“ გასდევს ხალხ. ეპოსის ზღაპრულ-ფანტასტიკური მოტივები. თხზულების ენა სადა და ლაკონურია. „ა.“ ერთსა და იმავე დროს ქართ. განწყობილებასაც გამოხატავს და სპარსულსაც. აქ, ერთი მხრით, წარმოდგენილია ქართ. სოც.-პოლიტ. ცხოვრების სურათის ანარეკლი, მეორე მხრით – მაჰმადიანური ზნე-ჩვეულებების კვალი. ამ გარემოებამ განაპირობა დავა „ა-ის“ ქართ. თუ სპარს. წარმოშობის თაობაზე. თხზულების სპარს. წარმოშობის ვერსიას იცავდნენ მ. ბროსე, ნ.მარი და სხვ. რომანში ასახული ქართ. წეს-ჩვეულებების, აგრეთვე შედარებითი შესწავლის (სპარსულში არ მოიპოვება მსგავსი შინაარსის თხზულება) საფუძველზე ი. ჯავახიშვილი, მ. ჯანაშვილი, ი. აბულაძე, კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე, კ. დონდუა, მ. ჩიქოვანი, შ. ნუცუბიძე და სხვ. „ა-ის“ ქართ. წარმოშობას ამტკიცებენ. სპარს. ტენდენციის კვალს ისინი თხზულების წარმოშობა-სადაურობის გარკვევისათვის არაარსებით, მეორეულ მოვლენად მიიჩნევენ.

„ა-ის“ ტექსტი გვიანდ., XVII და მომდევნო საუკუნეების ხელნაწერებითაა მოღწეული. რომანის ვრცელი რედაქცია XVIII ს. რედაქტორ-კომპილატორებს ეკუთვნის. ამავე ხანებში შეიქმნა „ა-ის“ გალექსილი ვერსიაც.

„ა.“ ხუთჯერ გამოიცა – 1896, 1939, 1949, 1960, 1967. ითარგმნა ინგლისურად (რ. სტივენსონი, ლონდონი, 1958) და რუსულად (ბ. აბულაძე, თბ., 1965).

ტექსტი: მოსე ხონელი, ამირანდარეჯანიანი, ლ. ათანელიშვილის გამოც., თბ., 1967.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე  ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1945; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.

გ. იმედაშვილი