ამირანი

ამირანი, წარმართობის ხანის ქართული ხალხური ეპოსის „ამირანიანის“ მთავარი გმირი.

ა-ის მხატვრული სახე საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა, ამიტომ დღემდე დაუდგენელია მისი თავდაპირველი სახელი. ვარაუდი, რ-ის მიხედვითაც ა. ირან. ბოროტი ღვთაების აჰრიმანისაგან უნდა ყოფილიყო წარმომდგარი, მცდარად მიაჩნდა ივ. ჯავახიშვილს: „სარწმუნოების ისტორიაში ძნელად თუ მოიპოვება ისეთი მაგალითი, რომ ბოროტი ღვთაება კეთილ ღვთაებად იქნეს აღიარებული“. თქმულების ყველა ვარიანტის მიხედვით, ა. სიკეთისათვის მებრძოლი გმირია; ის ებრძვის და ამარცხებს ბოროტ ძალებს, ხალხისათვის მოაქვს ცეცხლი. ამიტომ იყო, რომ ქართ. მწერლობამ ა-ის სახე თავისუფლებისათვის მებრძოლ საქართვ. სიმბოლოდ გაიაზრა (ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გ. ტაბიძე).

ა-ს განსაკუთრებული სიახლოვე აქვს ცნობილი ბერძნ. მითოლოგიის გმირთან – პრომეთესთან. ძვ. ბერძნები პრომეთეს მითს კავკასიურად, ხოლო მისი მიჯაჭვის ადგილად კავკასიონს თვლიდნენ (ჰესიოდე, ესქილე, სტრაბონი, არიანე, ფილოსტრატე).

ა-ის დედა ღვთაებაა (სვან. თქმულების მიხედვით) – დალი, მამა – მონადირე სულკალმახი. გმირს ჰყავს ძმობილები (ზოგი ვარიანტით – ძმები) ბადრი და უსუპი; ისინიც ღვთაებრივი წარმომავლობისა უნდა იყვნენ. ა. გოლიათური აგებულებისაა, აქვს „საცრისოდენა თვალები“, „გაქანებული ზვავის სიჩქარე და თორმეტი ხარ-კამეჩის ძალა“. ჰგავს „შავსა ღრუბელსა, საავდროდ გამზადებულსა“. ხმალიც შესაფერისი აქვს; როცა მისი ხმალი იწრთობოდა, „ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა, სამჭედლო ექანებოდა“. ა-ის ძაღლი „ყორნის ნაშობი“ ან „ორბის ლეკვია“, რ-საც „ბეჭებზე ორბის ფრთები“ ასხია. ა. იტაცებს ღრუბელთა ბატონის (ზოგი ვარიანტით – ქაჯთა ბატონის) ქალიშვილს – ყამარს (კამარს, ქეთუს). მის მოტაცებაში მკვლევრები ცეცხლის მოტაცების მოტივს ხედავენ (ი. ჯავახიშვილი, მ. ჩიქოვანი). ა-ის თავგადასავალი ტრაგიკულად მთავრდება: ღმერთი (ქრისტე) რკინის პალოზე მიაჯაჭვავს მას და ზედ თოვლ-ყინულიან გერგეტსა და ყაზბეგის მთას დაახურავს. ა. მაინც არ კარგავს იმედს, იბრძვის, რომ გაწყვიტოს ჯაჭვი და თავისუფლება დაიბრუნოს.

ლიტ. იხ. სტ-თან „ამირანიანი“.

ჯ. ბარდაველიძე