ამირანის გორა

ამირანის გორა, თავშან-თაფა, ენეოლით–ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნასოფლარი ახალციხის მახლობლად, მდ. ფოცხოვის მარცხ. ნაპირას.

გათხარეს 1958–65 (ხელმძღვ. ტ. ჩუბინაშვილი). ა. გ-ის სამხრ. კალთაზე აღმოჩნდა ადრინდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ.) ტერასულად განლაგებული ნასოფლარი, მადნის გამოსადნობი სახელოსნო, სამსხვერპლო მოედნები, სამაროვნები. საშენად გამოყენებულია კლდისა და რიყის ქვა, თიხის ხსნარი, ალიზი და ხის მასალა. ნაგებობანი გადახურულია ბანურად. ოთხკუთხა საცხოვრ. ოთახების შუაში კერებია. გვხვდება სამეურნეო დანიშნულების მოგრძო ნაგებობანი. სახლების იატაკქვეშ ან კედლებს შორის ჩვილ ბავშვთა სამარხებია. აღმოჩენილია სხვადასხვა დანიშნულების შავი, ნაცრისფერი და მოწითალო, ორნამენტიანი და სადა თიხის ჭურჭელი, კერის სადგარები, რ-ებიც ასახიერებენ კერის გამანაყოფიერებელ მამრობითი სქესის ღვთაებას, ქვის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ბრინჯაოს ნამგალი, სპილენძის სადგისები, ისრისპირი, სატევრისპირი, სამკაული.

ა. გ-ზე ორი ტიპის სამარხია: ნალისებრი ან ოვალური საოჯახო სამარხ-აკლდამა და ქვაყუთები, რ-თაგან ზოგიერთი შედგენილია ფილაქვებისაგან, უმეტესობის კედლები კი აკლდამის მსგავსად ქვითაა ამოყვანილი. მიცვალებულები ასვენია თავით სამხრ.-აღმ-კენ, მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე, მოხრილი. ჩატანებული აქვთ თითო თიხის ჭურჭელი. ლითონის იარაღი და სამკაული მხოლოდ ზოგიერთი მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა. ა. გ-ის ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილია მტკავრ-არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები. აქ ნაპოვნი ნივთები მიგვითითებს, რომ მიწათმოქმედების, მესაქონლეობისა და მეტალ. განვითარების კვალდაკვალ ყალიბდებოდა პატრიარქალური წყობილება. ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ქვეშ ენეოლითური კულტ. (ძვ. წ. V–IV ათასწლ.) ნიშნებია. ა. გ-ის გათხრებმა ხელი შეუწყო სამხრ. კავკ. უძველეს კულტურათა ახლებური პერიოდიზაციის შემუშავებას.

ლიტ.: ჩ უ ბ ი ნ ი შ ვ ი ლ ი  ტ., ამირანის გორა, თბ., 1963; მისივე, К древней истории Южного Кавказа, [т.] 1, Тб., 1971.

ტ. ჩუბინაშვილი