ამირაჯიბი (ქალიშვილობის გვარი – არღუთაშვილ– მხარგრძელი) სოფიო ვასილის ასული [1 (13). X.1847, თბილისი, – 14 (27). VI. 1906, მოსკოვი], პოეტი, მთარგმნელი.
პირველდაწყებითი განათლება შინ მიიღო, შემდეგ ფაბრის პანსიონში მიაბარეს. დამოუკიდებლად შეისწავლა რუს. და ფრანგ. ენები. იყო მეუღლე გენ.-ლ. მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბისა. ა-მა რუსულად თარგმნა ქართვ. პოეტების ნ. ბარათაშვილის, გრიგოლ, ვახტანგ და ნინო ორბელიანების, მ. თუმანიშვილის, ი. ჭავჭავაძის, რ. ერისთავის, მ. გურიელის, ა. წერეთლის, გ. აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, შ. არაგვისპირელის, ი. ევდოშვილის, განდეგილის, ია ეკალაძის, ე. მიქელაძის და ლ. ციციშვილის ნაწარმოებები. ეს თარგმანები იბეჭდებოდა „კავკაზსკი ვესტნიკში“, „არგონავტში“, „ნოვოე ობოზრენიეში“, „ტიფლისსკი ლისტოკში“ და სხვ.
1909 მოსკოვში დაიბეჭდა „ქართველი პოეტების ლექსების კრებული“ ა. ხახანაშვილის მცირე წინასიტყვაობით, რ-შიც შეტანილია ჩამოთვლილ პოეტთა ნაწარმოებების მისეული თარგმანები სურათებითა და ბიოგრ.-ბიბლიოგრაფიული ცნობებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ს. ხუციშვილი