ამირბარი

ამირბარი, ამილბარი (არაბ. ამირ – ამირა და სპარს. ბარ – სასახლე; – სახლთუხუცესი), ქართული წერილობითი ძეგლების მიხედვით, მხედართმთავარი უცხოეთის ქვეყნებში, „ლაშქართა თავი“ (ს.-ს. ორბელიანი).

პირველად იხსენიება ვეფხისტყაოსანში (ინდოეთის მეფის ა-ები – ჯერ სარიდანი, შემდეგ მისი შვილი ტარიელი), სადაც, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ა. სახლთუხუცესია, სხვათა აზრით კი – საზღვაო ფლოტის სარდალი. ფეშანგი ფაშვიბერტყაძის ცნობით, ირანის შაჰმა ვახტანგ V-ს ამირბარობა უბოძა. ვახტანგ V-ს „ამილბართ უწარჩინებულესს“ უწოდებს მისი შვილიშვილი ვახტანგ VI. ვახტანგის სამართ. წიგნის შესავალში გიორგი XI ირან. „ამილბარ-სპასპეტად“ იხსენიება. დავით გურამიშვილი „დავითიანში“ რუს. მხედართმთავარს ა-ს უწოდებს. საქართვ. სამოხელეო სისტემაში ა. გვხვდება მხოლოდ ერთხელ, XV ს. ნატყუარ სიგელში – თულასძეთა სასისხლო სიგელში. როგორც ჩანს, საქართველოში ამირბარობა არ ყოფილა, მაგრამ ეს სამოხელეო ტერმინი იმდენად კარგად იყო ცნობილი, რომ საკუთარ სახელად იქცა. განსაკუთრებით დამკვიდრდა იგი XVII–XVIII სს-ში მცხეთის სვეტიცხოვლის სახლთუხუცესთა საგვარეულოში – მაღალაძეებში. ამის საფუძველზე ა-ს ამ პერიოდში სახლთუხუცესად მიიჩნევენ (ი. სურგულაძე).

ლიტ.: ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ი., სახელმწიფოსა და სამართლის საკითხები „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, თბ., 1977; შ ა ნ ი ძ ე  ა., სახლთუხუცესი თუ ზღვათა ვაზირი?. წგ.: ვეფხისტყაოსნის საკითხები, თბ., 1966.

ნ. შოშიაშვილი