ამირეჯიბი

ამირეჯიბი (არაბ. ამირ ჰაჯიბ – კარისკაცთა ამირა), გაერთიანებული საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ცენტრალური მმართველობის მოხელე – მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ეჯიბთა უფროსი. სავაზიროს სხდომის წევრი.

უფლება ჰქონდა ყოველ ჟამს წარმდგარიყო მეფის წინაშე. სამეფო კარზე ა. განაგებდა დარბაზობისა და პურობის ცერემონიალს. როგორც საპატიო მოხელეს, ჰყავდა საგანგებო მხლებელი – ზედამდგომელი. ა-ის თანამდებობისაგან წარმოდგა გვარი ამირეჯიბი.

წყარო: გარიგება ხელმწიფის კარისა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6), გვ. 298 – 301.

ი. სურგულაძე