ამირეჯიბი ეკატერინე (ცაცა) გიორგის ასული [22. II (6. III). 1889, სოფ. ხურვალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 17. XI. 1975, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950).
დაამთავრა თბილ. ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი (1906), მუშაობდა სახ. თეატრში (ავჭალის აუდიტორია). 1911 დაამთავრა მოსკ. ს. ხალიუტინას თეატრ. სტუდია, 1911–53 მსახიობად მუშაობდა ქუთ., სოხუმის, ბათუმის, ბაქოს, თბილ. რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახ. თეატრებში. თამაშობდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს. მის მიერ შექმნილი სცენური სახეები გამოირჩეოდა ძლიერი ვნებებით, უშუალობით და მაღალი მხატვრული ოსტატობით. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), თამარი (კ. მესხის „შოთა რუსთაველი“), მაშა (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ემილია და ჰერტრუდა (უ. შექსპირის „ოტელო“ და „ჰამლეტი“), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ამალია (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ქეთევანი (ა. ყაზბეგის „ქეთევან წამებული“), კნეინა ჩიტუნია (შ. დადიანის „გუშინდელნი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო) და სხვ.
1925-იდან იღებენ კინოში. გადაღებული 40-მდე ფილმში. როლები: დავითის ცოლი („ნახვამდის“, რეჟ. გ. მაკაროვი, 1934), მაია („არშაულა“, რეჟ. დ. რონდელი, 1935), მარიკა („არსენა“, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1937), კეკე („მაგდანას ლურჯა“, რეჟ-ები: თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955), ალიმბეკის და („ფატიმა“, რეჟ. ს. დოლიძე, 1958), ხაზუა („ხევისბერი გოჩა“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1964), მელანო („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1965) და სხვ. ა-მა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართ. ესტრედაზე მხატვრული კითხვის ტრადიციას, იყო საქართვ. რადიოს პირველი დიქტორი; წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ა. ფაღავასა და სახკინმრეწვთან არსებულ სტუდიებში, სადაც მეტყველების კურსს კითხულობდა.
ა. გვენცაძე