ამირსპასალარი

ამირსპასალარი (არაბ. ამირ – უფროსი და სპარს. სეფაჰსალარ – სარდალი), საქართველოს ფეოდალური სამეფოს სამხედრო უწყების გამგებელი, ვეზირი (მინისტრი).

ამირსპასალარობა შემოვიდა სელჩუკური სამყაროდან, სადაც ა. მთავარსარდალს ეწოდებოდა. საქართველოში ა-ს ექვემდებარებოდა როგორც საერისთავოებიდან, ისე სამეფო დომენიდან (სახასო ქვეყნებიდან) და ფეოდალთა მამულებიდან გამოსული ლაშქარი, აგრეთვე სამეფო გვარდია – მონა-სპა და სხვა ქვეყნებში დაქირავებული ლაშქარი. წყაროებში (თამარ მეფის ისტორიკოსები) ა. პირველად იხსენიება გიორგი III-ის მეფობის პერიოდში. ი. ჯავახიშვილის აზრით, ტერმინი „ამირსპასალარი“ საქართველოში თამარის მეფობის ხანაში შემოვიდა.

მკვლევართა ნაწილი (ი. სურგულაძე, შ. მესხია) მიიჩნევს, რომ ამირსპასალარობა შემოიღო დავით აღმაშენებელმა, როცა სამხედრო რეფორმა გაატარა. წყაროებში ა-ს ზოგჯერ, ძვ. ტრადიციით, სპასპეტი ეწოდება. სახელმწ. ლაშქრის სარდლები – სპასალარები ერისთავები იყვნენ, რ-ებიც სალაშქრო საქმეში ა-ს ექვემდებარებოდნენ. ამდენად, ა. პირდაპირი მემკვიდრე ჩანს სპასპეტისა, რ-იც, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ერისთავების უფროსი იყო. მშვიდობიანობის დროს, ა. განაგებდა ლაშქართან დაკავშირებულ საქმეებს, ხოლო ლაშქრობის დროს, თუ მასში მეფე არ მონაწილეობდა, – მთავარსარდლობდა ჯარს. მეფედ კურთხევისას მეფისათვის ხმალი ა-ს უნდა შემოერტყა. სავაზიროს სხდომაზე, სამხ. საქმეების განხილვისას, მეფის შემდეგ პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდა.

XIV ს. სახელმწ. სამართ. ძეგლი „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ გვამცნობს: „ლაშქრობაჲ და ლაშქრობის ვეზირობა ამირსპასალარის ხელთ არის“. საერისთავოებიდან ყმა-მამულის წყალობად გაცემა ა-ის დაუკითხავად არ შეიძლებოდა, რადგანაც ეს დაკავშირებული იყო ლაშქრის გამოყვანასთან. იქვე ვკითხულობთ: „ამირსპასალარი საბატიო ვეზირი არის და თავადი ლაშქართა; და უმისოდ ქვეყანა არ გაიცემის, არცა ვინ სამამულოდ შეიწყალების“. ამავე ძეგლის მიხედვით, ა. სამეფო ვეზირად იხსენიება. შ. მესხიას აზრით, XII ს-ში სამეფო ვეზირი მხოლოდ ერთი იყო – მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, სხვა უწყებათა გამგებლებმა კი, მათ შორის ა-მაც, ვეზირის წოდება XIII ს-ში მიიღეს. წყაროები მხარს უჭერენ ასეთ თვალსზრისს. ა., მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან და მანდატურთუხუცესთან ერთად უფროს ვეზირთა ჯგუფში შედიოდა. ამირსპასალარობა თავდაპირველად შეუერთდა მანდატურთუხუცესის სახელოს და პირველი ა-ები (ივანე ორბელი, ყუბასარი, სარგის მხარგრძელი, გამრეკელი თორელი, ჭიაბერი, ზაქარია მხარგრძელი) მანდატურთუხუცესებიც იყვნენ. ზაქარია მხარგრძელის შემდეგ მისმა შვილმა შაჰანშამ მხოლოდ მანდატურთუხუცესობა მიიღო, ხოლო ამირსპასალარობა შეითავსა მისმა ძმამ – ივანე ათაბაგმა. ამის შემდეგ ამირსპასალარობა გამოეყო მანდატურთუხუცესობას და ათაბაგობას შეუერთდა. ა-ის თანაშემწე (მისი ვაზირი) იყო ამილახორი. ა-ის უწყების დიდი მოხელეები იყვნენ აგრეთვე ჩუხჩარხი და მეჯინიბეთუხუცესი. სამხ. უწყებაში შედიოდა აგრეთვე სხვადასხვა დაწესებულება: ზარდახანა, საჯინიბო, სარემო; აქვე შედიოდნენ მათი მოხელეები.

1334-იდან ათაბაგ-ა-ის სახელო გადაეცა ჯაყელებს. საქართველოს ფეოდ. დაქუცმაცებულობის პერიოდში (XV–XVIII სს.) ფაქტობრივად მოისპო სახელმწ. მიწათმფლობელობა და ამდენად მოისპო სახელმწ.-საგამგებლო უწყებები, მ. შ. ა-ის უწყებაც. სამცხე-საათაბაგოს მთავრები – ჯაყელები იწოდებოდნენ ათაბაგ-ა-ებად, მაგრამ ამას აღარ ჰქონდა რეალური შინაარსი. საქართვ. მონარქიის ადგილზე წარმოქმნილ 3 სამეფოში (ქართლის, კახეთის, იმერეთის) სასარდლო ერთეულებს წარმოადგენდნენ 4 სადროშოში გაერთიანებული სათავადო მამულები და მეფის დომენი, სადროშოებს კი სარდლობდნენ თავადები. ზოგჯერ ერთ-ერთი სადროშოს (მეწინავე ან სამეფო დროშის) სარდალი ა-ად იწოდებოდა (მაგ., ქართლის მეწინავე სადროშოს სარდლები – ბარათაშვილები და ორბელიშვილები), მაგრამ ისინი მხოლოდ ერთი სადროშოს სარდლები იყვნენ და არა სამხ. უწყების გამგებლები მთელი სახელმწიფოს მასშტაბით.

წყარო: გარიგება ჴელმწიფის კარისა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.

ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა  ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII სს., თბ., 1983; მ ე ს ხ ი ა შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. ტორმეტ ტომად, ტ. 6).

ნ. შოშიაშვილი