ამპარი ტარიელ ახმეტის ძე

ამპარი ტარიელ ახმეტის ძე (10. V. 1937, სოფ. კალდახვარა, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – 27. VI. 1998, სოხუმი), აფხაზი ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1971).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1964, ვ. კეშელავას კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1965-იდან. ა-ის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: გრაფიკა-ლინოგრავიურების სერიები „კალდახვარელი ქალები“ (1977) და „1941–45 წლები“ (1985, ორივე სოხუმის სურათების გალერეა), „შესვენება“ (ალმაათა), „დედა“ (1966, ჩებოქსარი); დაზგური ფერწერა – „მოგონება“ (1977, სოხუმის სურათების გალერეა); მონუმ. ფერწერა – „აფხაზეთი“ (1978, დასასვენებელი სახლი, გუდაუთა, თანაავტორებთან ერთად) და სხვ.